ზუსტად 16 წლის წინ ეს გუნდები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ერთამანეთს დაუპირისპირდნენ. მაშინ ბელგა-ჰოლანდიაში თამაშის უფლება სლოვენიელებმა მოიპოვეს, რომლებმაც ორი მატჩის ჯამში 3:2 (2:1, 1:1) გაიმარჯვეს. სლოვენიელებს მაშინაც სრეჩკო კატანეცი თავკაცობდა და ახლაც. მოკლედ, გამოცდილ სპეციალისტს უკრაინასთან კარგი მოგონებები აკავშირებს. თანაც სლოვენიას იმის მერე ევროპის ჩემპიონატზე არ უთამაშია. უკრაინის ნაკრებს რევანში მართებს. როგორც მიხაილ ფომენკომ თქვა, 16 წლის წინანდელი არ უნდა განმეორდეს. ფომენკოს დღევანდელ მატჩში წამყვანი მოთამაშეები დააკლდება. ტრავმები აქვთ რუსლან როტანსა და ოლექსეი გლადკის, ხოლო ტარას სტეპანენკო და ალექსანდრ კუჩერი დისკვალიფიცირებულნი არიან. სლოვენიას ამ მხრივ პრობლემები არ აქვს და ლვოვში საბრძოლო შემადგენლობითაა ჩასული. აღსანიშნავია, რომ მატჩზე დასწრებას სლოვენიის პრეზიდენტი ბორუტ პაჰორი გეგმავს.
უკრაინამ შესარჩევ ჯგუფში 19 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა, რითაც მხოლოდ ესპანეთსა და სლოვაკეთს ჩამორჩა. რაც შეეხება სლოვენიას – მას ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრებებმა აჯობეს.
უკრაინა – სლოვენია
14 ნოემბერი, 21:00 საათი
ლვოვი, “ლვოვ არენა”
უკრაინა (4-3-3): პიატოვი; ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი; რიბალკა, სიდორჩუკი, გარმაში; იარმოლენკო, სელეზნიოვი, კონოპლიანკა
მწვრთნელი: მიხაილ ფომენკო
სლოვენია (4-4-2): ჰანდანოვიჩი; ბრეჩკო, ილიჩი, ცეზარი, ჯოკიჩი; კრინი, კამპლი, კურტიჩი, ბირსა; ილიჩიჩი, ნოვაკოვიჩი
მწვრთნელი: სრეჩკო კატანეცი
მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)
საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს პლეი-ოფის კიდევ ერთი მატჩი, რომელიც სტოკჰოლმში შედგება. სკანდინავიური დერბი, შვედეთი – დანიის წინააღმდეგ. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ერთ ქვეჯგუფში იყვნენ და მაშინ ბოლო ტურში სკანდინავიურმა გარიგებამ ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იტალია ჯგუფში დატოვა. ალბათ, გეხსომებათ, თუ დანია-შვედეთის თამაში ფრედ, 2:2 დასრულდებოდა, იტალიას ვეღარაფერი უშველიდა... და მატჩიც ასეთი ანგარიშით დასრულდა, ბოლო გოლი კი 88-ე წუთზე გავიდა...
თუმცა ეს ადრე იყო, ახლა, ისინი მეტოქეები არიან და დაზავება არაფერში არგებთ. ზლატან იბრაჰიმოვიჩს დანიის ნაკრებთან ჩატარებულ 6 თამაშში არასდროს მოუგია და არც გოლი გაუტანია. დანიელთა მთავარი მწვრთნელი მორტენ ოლსენი კი ნაკრებში ბოლო პერიოდს ითვლის. მას წასვლა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სურს...
მასპინძლებს ჰამბურგელი ეკდალი და მოსკოვის ცსკას ნახევარმცველი ვერნმბლუმი დააკლდებათ, ხოლო სტუმრებს “სევილიას” შუახაზელი კრონ-დელი.
შვედეთმა შესარჩევ ჯგუფში 18 ქულა დააგროვა, თუმცა ავსტრიისა და რუსეთის ნაკრებებს მაინც ჩამორჩა. დანიელებმა კი 5 გუნდიან ჯგუფში ითამაშეს და პორტუგალიასა და ალბანეთს ვერ აჯობეს.
შვედეთი – დანია
14 ნოემბერი, 23:45 საათი
სოკჰოლმი, “ფრენდს არენა”
შვედეთი (4-4-2): ისაქსონი; ლუსტიგი, ანტონსონი, გრანკვისტი, ოლსონი; ფორსბერგი, ლევიცკი, კალსტრომი, დურმაზი; ბერგი, იბრაჰიმოვიჩი
მწვრთნელი: ერიკ ჰამრენი
დანია (4-4-1-1): შმეიხელი; იაკობსენი, კიაერი, აგერი, დურმისი; ერიკსენი, კვისტი, ჰოიბერგი, კალენბერგი; ბრაიტუაიტი; ბენტნერი
მწვრთნელი: მორტენ ოლსენი
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)