კალათბურთი

14:24 | 14.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბათუმმა” ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

ქუთაისში დაწყებული საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მეხუთე ტური დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაგრძელდა.

პარკეტზე პირველები გამოკვეთილი აუტსაიდერი “აკადემია” და ერთ-ერთი ლიდერი “ბათუმი” გავიდნენ. როგორც სატურნირო მდგომარეობიდან, ისე შემადგენლობიდან გამომდინარე, ფავორიტად სტუმრები ითვლებოდნენ. პროგნოზის მიუხედავად, მასპინძლებმა სტუმრებს პირველ ტაიმში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და შეხვედრამ თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. მეორე ტაიმში “ბათუმის” უპირატესობა გამოიკვეთა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ზღვისპირელებმა 13 ქულის სხვაობით 21:8 მოიგეს. მატჩის საბოლოო ანგარიშია 72:56 “ბათუმის” სასარგებლოდ.

მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურში, “დინამოსთან” დამარცხების შემდეგ, “ბათუმმა” ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და ასევე ზედიზედ ოთხი მოგების მქონე “ქუთაისი-2010”-თან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი “აკადემიას” ბელარუსმა ლეგიონერმა ვლადიმერ კრისევიჩმა აჩვენა, მაგრამ მისმა გარჯამ თანაგუნდელებს ვერ უშველა. კრისევიჩმა 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. სტუმართა გუნდს ცენტრალურმა თავდამსხმელებმა აკაკი დვალიშვილმა და უკრაინელმა ლეგიონერმა იგორ კრივცოვმა ულიდერეს, რომლებმაც 16-16 ქულა დააგროვეს, შესაბამისად 14 და 10 მოხსნა მიითვალეს და ორმაგი დუბლი შეასრულეს.

ამჟამად მიმდინარეობს ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც “მგზავრები-არმია” “რუსთავს” მასპინძლობს.

“აკადემია” – “ბათუმი” 56:72

(13:15, 19:18, 8:21, 16:18)

0.111946