გერმანული “გლადბახი” და მწვრთნელი ანდრე შუბერტი თანამშრომლობას 2017 წლის ზაფხულამდე გააგრძელებენ. ამის შესახებ “ბორუსიას” ვებგვერდი იუწყება.
“ანდრემ ბოლო რვა კვირის განმავლობაში დადებით სამუშაო გასწია და გუნდმა კარგი შედეგები აჩვენა. ჩვენ ვიცით, რომ “გლადბახი” კარგი მწვრთნელის ხელშია, ამიტომაც გადავწყვიტეთ, მას ახალი კონტრაქტი გავუფორმოთ”, - ციტირებს სპორტული დირექტორის, ებერლის სიტყვებს კლუბის საიტი.
ანდრე შუბერტმა “ბორუსია” მიმდინარე სეზონში ლუსიენ ფავრისაგან ჩაიბარა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. შუბერტის თაოსნობით კი გერმანულმა გუნდმა თამაშის ხარისხიცა და შედეგიც მკვეთრად გააუმჯობესა. შუბერტი მანამდე “გლადბახის” ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა.