დღეს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის მეორე შეხვედრა გაიმართება. ზენიცაში ბოსნიის ნაკრები ირლანდიას უმასპინძლებს.
ერთი შეხედვით თანაბარი წყვილია და რთულია გამარჯვებულის ვინაობის გამოცნობა. ირლანდია დღევანდელ მატჩს დანაკლისით ხვდება.სხვადასხვა მიზეზთა გამო მარტინ ონილის განკარგულებაში შეი გივენი, ჯონ ოში, ჯონ უოლტერსი, შეილ ლონგი, დევიდ მეილერი და კირან ვესვუდი არ იქნებიან. დანაკლისი მართლაც სერიოზულია, მაგრამ როგორც ბოსნიელთა თავკაცი მეჰმედ მაძერევიჩი ამბობს, აღნიშნული ბოსნიის სათამაშო გეგმას არ შეცვლის. თავის მხრივ, სტუმართა თავკაცი ონილი მიიჩნევს, რომ ირლანდიისთვის ზენიცაში გასამართი შეხვედრა დიდი გამოწვევა იქნება.
ირლანდია შესარჩევში საქართველოს ნაკრების ჯგუფში იყო და სხვათა შორის, საფრანგეთის საგზურის პირდაპირ მოპოვების შანსიც ჰქონდა, მაგრამ ბოლო ტურში გადამწყვეტი მატჩი ვარშავაში კონკურენტ პოლონეთთან წააგო და ახლა რეპეშაჟიდან მოუწევს გზის გაკვალვა. კელტები 4 წლის წინანდელ ევროფორუმზე თამაშობდნენ და მაშინ ე.წ. სიკვდილის ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს 0 ქულით. ირლანდიელებმა 2012 წლის ზაფხულში ესპანეთთან, ხორვატიასთან და იტალიასთან ვერაფერი გაახერხეს.
ბოსნიის ნაკრები კი აქამდე კონტინენტის პირველობაზე არასდროს მოხვედრილა. მეტიც, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მათ ისტორიაში პირველი დიდი ტურნირი იყო. მიუხედავად, მაშინ არსებული დიდი იმედისა, ბოსნია ბრაზილიაში წარუმატებლად გამოვიდა. მოკლედ, მასპინძლები ისტორიის დაწერას ირლანდიის ძლევით ეცდებიან. ბოსნიამ შესარჩევ ჯგუფში არცთუ სტაბილურად ითამაშა. ეს მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბელგიასთან ერთად ფავორიტად მიიჩნეოდა. თავისუფლად შეიძლებოდა ახლა ბოსნიელები არც პლეი-ოფში ყოფილიყვნენ, მაგრამ ბოლო ორი თამაში მოიგეს, მათ შორის გადამწყვეტი უკანასკნელ ტურში კვიპროსთან (3:2) და დამდეგ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაიტოვეს. მასპინძლებს დღეს მხოლოდ ორი ფეხბურთელი, მარინ ანიჩიჩი და ერმინ ზეკი დააკლდებათ. სამაგიეროდ, დიდებულ ფორმაშია და შესანიშნავ სეზონს ატარებს მაძერევიჩის გუნდის ლიდერი, “რომას” შუახაზელი მირალემ პიანიჩი. მწყობრშია მისივე თანაკლუბელი ედინ ჯეკოც. მოკლედ, ბოსნია ირლანდიას საბრძოლო განწყობითა და შემადგენლობით ხვდება და ზენიცას “პოლიეს” სტადიონზე საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს.
ბოსნია – ირლანდია
13 ნოემბერი, ზენიცა, “პოლიე”, 23:45 საათი
ბოსნია (4-4-1-1): ბეგოვიჩი; მუიძა, ვრანიეში, სუნჯიჩი, სპაჰიჩი; ძუკანოვიჩი, მედუნიანი, პიანიჩი, ლულიჩი; იბიშევიჩი; ჯეკო
მწვრთნელი: მეჰმედ მაძერევიჩი
ირლანდია (4-5-1): რანდოლფი; კოულმენი, კოეგი, კლარკი, უორდი; მაკლეინი, უელენი, მაკარტი, ჰენდრიკი, ბრედი; მერფი
მწვრთნელი: მარტინ ონილი
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)