სხვა

14:22 | 13.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა ორმაგი გამარჯვება ფუკუოკაში

ქართველმა სუმოისტებმა – ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუს) იპონურ ფუკუოკაში მიმდინარე ნოემბრის სუპერტურნირის მე-6 დღეს გამარჯვებები იზეიმეს და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს.

თავდაპირველად, ტოჩინოშინზე ვთქვათ, რომელიც კიუშიუ ბაშოს აღმოსავლეთის კომუსუბის რანგში შეხვდა და ჯერჯერობით, დაპირისპირება მხოლოდ სანიაკუს (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) წევრებთან უწევს.

ამის გათვალისწინებით, ქართველ სუმოისტს ჩინებული მაჩვენებელი – 3 მოგება, 3 მარცხი – აქვს. ლევანი ამჯერად დასავლეთის სეკივაკე მიოგირიუს გაეჯიბრა და საკმაოდ იოლად, იორიკირით დაჯაბნა. ახლა, ურთიერთშეხვედრებში, ტოჩინოშინი მიოგირიუს 7:6 ამარცხებს.

ეს წარმატება ლევანისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგანაც მან ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი დაამარცხა. თუკი იაპონელი მიოგირიუ, რომელსაც უკვე 4 წაგება აქვს, ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს, ხოლო ქართველი გოლიათი კაჩი-კოშის დააფიქსირებს, რანგით მე-3 წოდებამდე სწორედ გორგაძე აღზევდება.

სხვათა შორის, მე-4 მარცხი იწვნია (ოძეკი კისენოსატოსთან) მეორე იაპონელმა სეკივაკემ, ლევანის თანაგუნდელმა ტოჩიოძანმაც. ასე რომ, იმის შანსი, რომ ნოემბრის სუპერტურნირის შედეგების გათვალისწინებით, ერთ-ერთი სეკივაკეს წოდება გამოთავისუფლდეს, იზრდება.

შაბათს, ტოჩინოშინს მორიგი ურთულესი დაპირისპირება ელის. მისი მეტოქე ჩინებულ ფორმაში მყოფი მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი იქნება, რომელმაც კომუსუბი იოშიკაძე (3 მოგება, 3 მარცხი) კოტენაგეთი დაჯაბნა და მე-5 გამარჯვება მიითვალა.

ტოჩინოშინი და ჰარუმაფუჯი ერთმანეთს 20-ჯერ გადაჰყრიან და ქართველ სუმოისტს უძლიერესი მოწინააღმდეგე 5-ჯერ ჰყავს დამარცხებული. აქედან ერთხელ, გორგაძემ მონღოლს უკვე იოკოძუნას რანგში აჯობა და კარიერაში ერთადერთი კინბოშიც (ოქროს ვარსკვლავი) მაშინ მიითვალა.

წარმატებული დღე ჰქონდა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელსაც, რომელმაც მე-4 მოგება მიითვალა და თანაც, მანამდე დაუმარცხებელ დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიიოოტორის იორიკირით აჯობა. ქვემოთ დღის ვიდეომიმოხილვაც განთასვებულია და ნახავთ, რომ ქართველმა მეტოქე წამებში “გადათელა”.

შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ფუკუოკაში აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი დასავლეთის მე-11 მაეგაშირა მიტაკეუმი იქნება, რომელსაც თეიმურაზის დარი ბალანსი აქვს.

23 წლის იაპონელს, რომელიც თავის დროზე კოლეჯებს შორის ჩატარებული მოყვარულ სუმოისტთა ჩემპიონიც ყოფილა, საკმაოდ საინტერესო კარიერა აქვს. მან პროფესიული კარიერა სულ რაღაც 8 თვის წინ დაიწყო და მესამედან უმაღლეს დივიზიონამდე აღსაზევებლად 4 ტურნირი ეყო. ეს სუმოს ისტორიაში მე-2 საუკეთესო შედეგია, რეკორდი კი ენდოს ეკუთვნის, რომელმაც იგივე გზას მხოლოდ 3 ბაშო დაახარჯა.

დასასრულ ვთქვათ, რომ კიუშიუ ბაშოს ერთპიროვნულ ლიდერად იოკოძუნა ჰაკუჰო იქცა, რომელმაც მიჯრით მე-6 გამარჯვება აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ტოიონოშიმასთან იზეიმა. ხსენებული ჩიიოოტორის დარად, პირველად წაიფორხილეს ოძეკი კოტოშოგიკუმ და აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იკიოიმ. მათ გარდა, ხუთ-ხუთი მოგება ჰარუმაფუჯის, ოძეკი კისენოსატოს და რიგით მაეგაშირებს – ტაკაიასუს და შოჰოძანს აქვთ.

ნოემბრის ტურნირის მე-6 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 1:24-დან, ტოჩინოშინის – 6:44-დან

0.1388