სხვა

14:41 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა მორიგი ოძეკი დაამარცხა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოს 5 დღის თავზე 2 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ დაპირისპირება იოკოძუნასთან და ოთხ ოძეკისთან მოუწია, ცუდ შედეგად ნამდვილად არ უნდა მივიჩნიოთ.

ტოჩინოშინმა მორიგ წარმატებას ოძეკი ტერუნოფუჯისთან მიაღწია. ლევანმა სასტარტო შეჯახების ჟამს ოდნაც მარცხნივ გადაინაცვლა, მისთვის სასურველი შებოჭვა – ჰიდარი-უვატე დააფიქსირა და იორიკირით იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ გორგაძე ფუკუოკას სუპერტურნირზე აღმოსავლეთის კომუსუბის რანგში ირჯება, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი დასავლეთის სეკივაკე მიოგირიუ იქნება. ამ უკანასკნელის ქართველის დარი ბალანსი აქვს, მასთან ურთიერთშეხვედრებში კი, ტოჩინოშინს თანაბარი მაჩვენებლები გააჩნია – 6 მოგება, 6 მარცხი.

3 გამარჯვება და 2 წაგება მოუგროვდა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც ამჯერად აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ტამავაშისთან სუკუინაგეთი დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სეკიტორმა მონღოლთან 13-დან მე-12 შერკინება დათმო.

ქართველი გოლიათი კიუშიუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით ირჯება, მომდევნო დაპირისპირება კი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიიოოტორისთან უწევს. მასთან ბრძოლებში, გაგამარუს დადებითი ბალანსი აქვს – 3 მოგება, 2 მარცხი.

საინტერესოა, რომ ჩიიოოტორი იმ ოთხ სუმოისტს შორის იმყოფება, რომლებიც 5 დღის თავზე ფუკუოკას სუპერტურნირის თავში იმყოფებიან. მის გარდა იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკი კოტოშოგიკუ და მე-4 მაეგაშირა იკიოი ლიდერობენ.

ნოემბრის ბაშოს მე-5 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 2:17-დან, ტოჩინოშინის – 9:49-დან

0.124924