ფეხბურთი

0:05 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

საიუბილეო და სამარცხვინო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში საიუბილეო, მე-200 მატჩი გამართა და სამარცხვინოდ წააგო: ესტონეთში სამი ბურთი გაუშვა და ერთიც ვერ გაიტანა. ფეხბურთთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა იმას, რაც ბოლო 30 წუთის განმავლობაში ხდებოდა. მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა - ესტონეთი.
გასასამართლებელი საბუთი არაა, რომ ოპტიმალური შემადგენლობისგან შორს ვიყავით. გვაკლდა სოლომონ კვირკველია, ნიკა კვეკვესკირი, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან ყენია და ლევან მჭედლიძე. მიუხედავად დანაკლისისა, ასეთ ნაკრებთან ასეთი ანგარიშით არ უნდა აგებდე. და წაგებაცაა და წაგებაც: არც ძელები ჩამოგვიმტვრევია მეტოქისთვის და ვერ ვიტყვით, რომ საშინლად არ გაგვიმართლა.
კახა ცხადაძე რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაინიშნა, არასოდეს მორიდებია ღიად საუბარს და იმედია, ამჯერადაც აგვიხსნის, თუ რა მოხდა ტალინში, რა შეცდომები დაუშვა თავად და რატომ იყო ნაკრები ასეთი დემორალიზებული ბოლო ნახევარ საათში.
ცხადაძემ ტაქტიკური სქემა არ შეცვალა, რასაც ბევრი ელოდა კვირკველიას გამოკლების შემდეგ. დაცვაში მესამე იყო გია გრიგალავა, რომელმაც პირველივე წამებზე შეცდომა დაუშვა და საერთოდაც, სუსტად ითამაშა, თუმცა იგივეს ვიტყოდით სხვა მცველებზეც. ვერ გაამართლეს თბილისის დინამოელებმა, მათე ცინცაძემ და ოთარ კაკაბაძემ. მეტიც, ორივემ ძალიან სუსტად ითამაშა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ფეხბურთელის შეფასება მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებიდან გამომდინარე არ შეიძლება. კაკაბაძეც და ცინცაძეც ჩვენს ჩემპიონატში კი გამოირჩევიან, მაგრამ ნაკრები სხვა სიმაღლეა, სხვა ტემპია, სხვა მოთხოვნებია...
პირველ ტაიმს კიდევ აიტანდა ადამიანი. სანახაობრივად ცუდი თამაში იყო, მაგრამ სტატისტები არ ვყოფილვართ და მეორე ტაიმის საწყისი 5-7 წუთიც ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა.
ჩვენების მიერ შექმნილ შანსებზე, მათ შორის, ნახევარმომენტებზე: მე-5 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა წაიღო ბურთი ცენტრიდან და საჯარიმოსთან მათე ვაწაძე მოძებნა, თუმცა "ორჰუსის" ფეხბურთელმა ცუდად დაამუშავა. ათ წუთში სანდრო კობახიძემ შორიდან დაარტყა, მეკარე აკსალუმ კუთხურზე მოიგერია და კუთხურს გურამ კაშიას თავური მოჰყვა - ისევ აკსალუ გაისარჯა კარგად. ერთი, რითაც მეტოქეს ვაჯობეთ, კუთხურების რაოიდენობა იყო: 10:2. ნეტავ, რა აზრი აქვს...
ერთი შანსი კი მეორე ტაიმის პირველივე წუთზე გვქონდა. შეცვლაზე შემოსულებმა შექმნეს: გიორგი ჭანტურიამ გარე ტერფით მშვენიერი პასი გააკეთა და ბაჩანა ცხადაძე ახლოდან თავით ოდნავ უცვლიდა მიმართულებას, თუმცა აკსალუმ ამჯერადაც კარგი რეაქცია გამოავლინა. მორჩა, ამის შემდეგ აკსალუ დაგვავიწყდა.
რაც შეეხებათ ესტონელებს, პირველ ტაიმში ორი მომენტი ჰქონდათ. ჯერ კამსს არ გააატანინეს კონტრშეტევისას (გიორგი ლორიამ და გიორგი ნავალოვსკიმ განმუხტეს ხიფათი), მერე კი იმავე კამსმა ახლოდან ააცილა.
61-ე წუთიდან დაიწყო ქართველთა განადგურება. ესტონელებმა ჩააწოდეს, გურამ კაშიამ ბურთი შორს ვერ გამოიტანა, მიუვიდა ატს პურიეს, რომელმაც ერთი მოძრაობით ჩამოიშორა ჯაბა კანკავა და ალეკო ამისულაშვილი, დაზღვევაზე წამოსულმა კაშიამაც ვერ მიასწრო და ოურიეს დარტყმა ლორიასთვის აუღებელი გამოდგა - 1:0. უკეთ მოქმედება მართებდათ ჩვენებს, განსაკუთრებით კი ეს კაშიაზე ითქმის. ისე, პურიემაც დიდოსტატურად გააკეთა ყველაფერი.
ოთხ წუთში მარტივი კომბინაციის შემდეგ გაგვიტანეს. საჯარიმოს მისადგომებიდან მარცხნივ წაიღეს ბურთი, იქიდან დაბალი პასი და პიკმა ახლოდან შანსი არ დაუტოვა ლორიას - 2:0.
მესამე გოლი შეცვლაზე შესულმა გუსევმა შეაგდო. კაკაბაძეს მოძრაობით თავბრუ დაახვია და ცაციით ლორიას ფეხებშუა გაუძვრინა ბურთი. ასე მორჩა 3:0.
ქარტველთა ის აქტიურობა, რაც მეორე ტაიმის საწყის წუთებში ვნახეთ, მეორე გოლის მერე გაქრა. ცხადაძის ნაკრები საერთოდ მოიშალა, არაფერი აღარ გამოსდიოდა. ჯაბა კანკავა და ვაკო ყაზაიშვილიც კი, რომლებიც შესვენებამდე ნაკრებს ლიდერობდნენ, ვეღარაფერს აკეთებდნენ.
ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი კარგად ვერ დაამახსოვრდებათ ლუკას ჰუფნაგელსა და ზაქარია ბეგლარიშვილსაც. ორივენი იმ დროს გამოვიდნენ, როცა ნაკრები 0:2-ს აგებდა და ვერაფერს უპირისპირებდა მეტოქეს.
ძალიან არ გვინდა, რომ ბოლო თვეებში მიღწეული პროგრესის შემდეგ, ისევ დავყვინთოთ და ისევ მოგვეშალოს თამაში. უყურებდი ესტონეთთან მატჩს და ვერ დაიჯერებდი, რომ ისევ ის საქართველოს ნაკრები თამაშობდა, რომელმაც ერთი თვის წინ მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას დიდი პრობლემები შეუქმნა.
ეს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში იყო საქართველოს ნაკრებისა, ბოლო 30 წუთი კი დამწყებ ფეხბურთელებს უნდა აჩვენო და მიუთითო: როგორ არ უნდა ითამაშო ფეხბურთი. და არ დაგვავიწყდეს, რომ 16 ნოემბერს ესტონეთზე ძლიერ ნაკრებს ვეთამაშებით და ასეთი ანტი-თამაშით, რაც დღეს ვნახეთ, ტირანაში კარგი არაფერი გველოდება.
ცხადაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ ერთი კარგი თამაშითა და გამარჯვებით ერთი თვის განმავლობაში არ უნდა ვიამაყოთო. ეგებ, გერმანიასთან თამაშის შემდეგ, ზოგმა არაფრად ჩააგდო ესტონეთი? არ გამოვრიცხოთ, რომ ასეც იყოს. კითხვები ტალინური თამაშის გარშემო საკმაოდ ბევრია.
აქა-იქ გაისმა, ესტონეთია თუ ესპანეთიო. ესტონეთია, უბრალოდ, ჩვენ ვიყავით ძალიან სუსტები...

ამხანაგური მატჩი
11 ნოემბერი. 21:00. ტალინი. "ა ლე კოქ არენა"
ესტონეთი - საქართველო 3:0 (0:0)
ესტონეთი: აკსალუ, იაგერი, ბარანოვი, კლავანი, პიკი (გუსევი 66), კამსი (პური 54), დმიტრიევი (ლინდპერე 81), მეტსი, კალასტე, ვასილიევი (ფროლოვი 88), პურიე (საპინენი 73)
მწვღთნელი: მაგნუს პერსონი
საქართველო: ლორია, კაშია, ამისულაშვილი, გრიგალავა (ჰუფნაგელი 68), კაკაბაძე, ნავალოვსკი (ფოფხაძე 68), კანკავა, ცინცაძე (დაუშვილი 73), ყაზაიშვილი (ბეგლარიშვილი 78), კობახიძე (ჭანტურია 46), ვაწაძე (ცხადაძე 46)
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
გოლები: 1:0 პურიე (61), 2:0 პიკი (65), 3:0 გუსევი (88)

0.132679