სხვა

22:23 | 11.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონატზე 10 ქართველი ძალოსანი იასპარეზებს

11 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დუშეთის ოლიმპიური მზადების ცენტრს ეწვივნენ და საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრებს შეხვდნენ, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

დუშეთში ნაკრების ვარჯიშს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ბოქოლიშვილიც დაესწრნენ. ბოქოლიშვილმა ნაკრების ვარჯიშის დაწყებამდე ძალოსნობის ფედერაციის სამომავლო განვითარების პროექტი წარადგინა, რომელშიც საუბარი ფედერაციის სამომავლო გეგმებს და საქართველოში ძალოსნობის განვითარების პერსპექტივას შეეხო.

მსოფლიოს ჩემპიონატს 21-28 ნოემბერს აშშ-ს ქალაქი ჰიუსტონი უმასპინძლებს. ჰიუსტონში მედლებთან ერთად 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება. ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე ამერიკაში 10 ძალოსანს წაიყვანს. ეროვნული გუნდი 8 ვაჟით და 2 გოგონათი დაკომპლექტდება. აღსანიშნავია, რომ გოგონათა გუნდს უკრაინიდან ანასტასია გოტფრიდი დაემატა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. დოპინგზე ჩავარდნის და დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე.

რიოს ოლიმპიადის ლიცენზიები გასული და ახლანდელი მსოფლიოს პირველობის შედეგების გათვალისწინებით გაიცემა. გუნდების მიერ ნაჩვენები შედეგები დაითვლება და 1-დან მე-6 ადგილამდე გასული ნაკრებები ექვს ლიცენზიას აიღებენ, მე-7-დან მე-12 ადგილამდე გასული გუნდები – ხუთ ლიცენზიას, 13-დან მე-18 ადგილის ჩათვლით ოთხი საგზური გაიცემა, ხოლო 19-დან 24-ე ადგილის ჩათვლით – სამი.

საქართველოს ნაკრები სალიცენზიო რეიტინგში 27-ე ადგილზეა და უმნიშვნელოდ ჩამორჩება კონკურენტებს. მწვრთნელების მიზანი მინიმუმ 24-ე ადგილზე გასვლა და 3 ლიცენზიის მოპოვებაა. გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა დისკვალიფიკაციის გამო რამდენიმე ძალოსანი ვერ გამოიყვანა, რაც შედეგზეც აისახა. ახლა, ძალოსნები ჰიუსტონში ოპტიმალური შემადგენლობით გამოვლენ.

21-28 ნოემბერი. აშშ, ჰიუსტონი. მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ვაჟები

რამინ შამილიშვილი (62 კგ)

შოთა მიშველიძე (69 კგ)

გიორგი ლომთაძე (77 კგ)

რაულ ცირეკიძე (94 კგ)

გია მაჭავარიანი (105 კგ)

გიორგი ჩხეიძე (105 კგ)

ლაშა ტალახაძე (მძიმე)

ირაკლი თურმანიძე (მძიმე)

გოგონები

თათია ლორთქიფანიძე (63 კგ)

ანასტასია გოტფრიდი (მძიმე)

მწვრთნელი: გიორგი ასანიძე

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.112118