როგორც ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად კიდევ ერთი დებიუტანტი, “ფლორას” ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი გამოიძახა.
“გენკის” ფეხბურთელი “ჯვაროსნებს” ოჯახური მდგომარეობის გამო დააკლდება. ესტონური გუნდის ქართველ ლეგიონერთან ერთად ნაკრებში თბილისის “დინამოს” მოთამაშე გიორგი გველესიანიც ვარჯიშობს.
ბეგლარიშვილმა ნაკრებში გამოძახების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა:
„დილით “ფლორას” ვარჯიშზე ვიყავი, როცა ნაკრებში გამოძახების შესახებ ჩემი ამბავი გავიგე. ძალიან გამეხარდა და მოტივირებული ვარ. მინდა მწვრთნელებს მადლობა ვუთხრა, რადგან ნაკრებში თამშის შანსი მომცეს. ვფიქრობ კარგი მატჩი იქნება, ესტონეთს ბოლო პერიოდში მომატებული აქვს, კარგი, კომპაქტური გუნდია და საინტერესო თამაში გამოვა. ვფიქრობ, გამარჯვების დიდი შანსი გვაქვს, რადგან საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერია. ბოლო პერიოდში ესტონეთის ნაკრებში თამაშის შანსი ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცეს, შეიცვალა გუნდის ბირთვიც, მაგრამ ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი. ვფიქრობ, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე უპირატესობა ჩვენ გვექნება.“
10 ნოემბერს საწვრთნელი პროცესში შემდეგი 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა:
მეკარეები: გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), გიორგი მაკარიძე („ფეირენსე“, პორტუგალია)
მცველები: გიორგი ნავალოვსკი („დილა“, გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კარშიაკა“, თურქეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი გველესიანი („დინამო თბილისი“, საქართველო), ოთარ კაკაბაძე („დინამო თბილისი“, საქართველო), გია გრიგალავა ( „პაფოსი", კვიპროსი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა), მათე ცინცაძე („დინამო თბილისი“, საქართველო) ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გუგა ფალავანდიშვილი („დილა“, გორი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, ლვოვი, უკრაინა), გიორგი ჭანტურია („დუისბურგი“, გერმანია), ლუკას ჰუფნაგელი („ფრაიბურგი“, გერმანია), ზაქარია ბეგლარიშვილი („ფლორა“, ტალინი, ესტონეთი)
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), ბაჩანა ცხადაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („პაფოსი“, კვიპროსი)
ეროვნული ნაკრების 11 ნოემბერს ტალინში ესტონეთს დაუპირისპირდება. ამხანაგური შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელის მეორე არხი გეგმავს.
გუნდს 12 ნოემბერს ტირანაში შეუერთდება უჩა ლობჟანიძე. ალბანეთის და საქართველოს მატჩი კი 16 ნოემბერს გაიმართება.