საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესტონეთთან ამხანაგური მატჩისთვის ტალინში ემზადება. კახა ცხადაძის გუნდი ესტონეთის დედაქალაქში, გუშინ, არასრული შემადგენლობით შეიკრიბა.
საქართველოს ნაკრებმა 15-კაციანი შემადგენლობით საფეხბურთო კლუბ „ფლორას“ სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. ჯაბა კანკავა, ლუკას ჰუფნაგელი, გიორგი ლორია და მათე ვაწაძე ტალინში ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩამოვიდნენ, შესაბამისად, საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.
თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი მაკარიძეს ტალინში 10 ნოემბერს ელოდებიან. უჩა ლობჟანიძემ კვიპროსის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი გუშინ საღამოს ჩაატარა, ამიტომ ფეხბურთელი ესტონეთთან შეხვედრას გამოტოვებს და ნაკრებს ალბანეთში შეურთდება.
ორ უახლოეს მატჩში ტრავმის გამო სოლომონ კვერკველია ვერ ითამაშებს. საფეხბურთო კლუბ „რუბინის“ ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ ფეხბურთელმა „კრილია სოვეტოვთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ივარჯიშებს. კახა ცხადაძის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდს თბილისის „დინამოს“ წევრი გიორგი გველესიანი შეურთდება.
ტალინში ჩატარებული ვარჯიშის შემდეგ, სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან მოკლე კომენტარი გააკეთა კახა ცხადაძემ: „სამწუხაროდ, კიდევ ვერ მოხერხდა ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება, რადგან რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აქვს. ესტონეთთან და ალბანეთთან დაპირისპირებაში მჭედლიძე, ანანიძე და კვეკვესკირი ვერ დაგვეხმარებიან. როგორც ცნობილი გახდა ვერ ითამაშებსა საბა კვერკველიაც.
ეს დიდი დანაკლისია, რადგან საკმაოდ კარგი დონის გუნდებს ვეთამაშებით. მთავარია, მომავალ ორ მატჩში ყველა ფეხბურთელს მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, საკუთარი შესაძლებლობები ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ დავინახოთ, რადგან ისინი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდნენ და გვაინტერესებს, ჩვენ რა დონეზე ვართ.
კარგია, რომ მათთან სპარინგის საშუალება მოგვეცა. ჩემი მიზანია თამაში დავხვეწოთ და ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც გამოვიძახე, თავის გამოჩენის საშუალება მივცე. ესტონეთთან დაპირისპირებისთვის მოვემზადეთ, ამ გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, კომპაქტური და დისციპლინირებული გუნდია, დაცვაში ძალიან გამართულად თამაშობენ. მათ ჰყავთ რამდენიმე კარგი ინდივიდუალისტი, რომელიც სისწრაფისა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, ამინდს ქმნიან. გამორჩეულია ვასილიევი, რომელიც წამყვანი ფეხბურთელია მათ შეტევის ხაზში“.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს სრული შემადგენლობით, 10 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე ჩაატარებს. ესტონეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება კი 11 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული ტალინში შეიკრიბა - ფოტოალბომი
სფფ-ის პრესსამსახური, ტალინი, ესტონეთი