ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატს 5 ტურის თავზე 2 დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს: “ბარსელონა” და “ვალენსია”. კატალონიელებმა გიორგი შერმადინის “ანდორას” სტუმრად 89:66 სძლიეს, ვალენსიელებმა კი შინ თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” 85:78 დაამარცხეს.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 11:53 წუთში 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
“ანდორამ” ერთადერთი მოგების წილ მე-4 მარცხი განიცადა და 18-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩი კი 15 ნოემბერს სტუმრად, შერმადინის ყოფილ კლუბ “სარაგოსასთან” ელის.
მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას “ლაბორალ ლუჩამ”. ბასკებმა ასევე ლიდერთა შორის მყოფ “ვალენსიასთან” ბოლო წამებზე წააგეს, ქართველ კალათბურთელს კი ტრავმის გამო ისევ არ უთამაშია. “ლაბორალ კუჩა”, რომელიც III-VI ადგილებს იყოფს, 15 ნოემბერს “მურსიას” დაუხვდება.