ვიქტორ სანიკიძის “ტედ ანკარა კოლეჯლილერმა” თურქეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში “ქონიასფორს” უმასპინძლა და 73:76 დამარცხდა, ქართველ ფორვარდს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.
სანიკიძემ მოედანზე 34:38 წუთი გაატარა და 9 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
მასპინძელთა ბომბარდირი ამერიკელი ჯეი ლუკასი გახდა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო, ანკარელები კი 4 წაგებით ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებიან. ვიქტორის კლუბს მომდევნო მატჩი 14 ნოემბერს სტამბოლში “გალათასარაისთან” ელის.
წარმატებული დღე ჰქონდა მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკას”, რომელმაც “იესილგირესუნს” 88:79 სძლია. ქართველმა კალათბურთელმა 20:24 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
მარკოიშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“დარუშაფაკას” 3 მოგება და 2 მარცხი აქვს, შემდეგი შეხვედრა კი სწორედ იმ “ქონიასფორთან” ელის, რომელსაც გუშინ “ტედ კოლეჯლილერი” გაეჯიბრა.