ფეხბურთი

23:18 | 8.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძის მშრალი მატჩი და მერებაშვილის გოლი (+VIDEO)

ჰოლანდიის ერედივიზიონში წარუმატებლად ითამაშა არნემის “ვიტესმა”, რომელმაც საკუთარ კედლებში “ალკმაართან” ორი უპასუხო გოლით წააგო. მასპინძელთა ქართველი ლიდერები, გურამ კაშია და ვალერი ყაზაიშვილი 90 წუთით გაისარჯნენ. არნემელებს 12 ტურში 20 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციას იკავებენ.

სერია A-ში ისევ უქმობს ლევან მჭედლიძე, რომელიც ტრავმას მკურნალობს. მის გარეშე კი “ემპოლიმ” ტურინის “იუვენტუსთან” შინ წააგო (1:3). ტოსკანურ გუნდს 12 თამაშში 14 ქულა დაუგროვებია და სატურნირო ცხრილში მეცამეტეა.

ბელგიის იუპერ ლიგაში მხოლოდ ბოლო 4 წუთი ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა. “გენკი” კი გასვლით შეხვედრაში “ბრიუგესთან” (0:1) დამარცხდა. ლუკა ზარანდია განაცხადშიც ვერ მოხვდა. ქართველების გუნდს 20 ქულა აქვს და მერვეა.

ჩეხეთის ჩემპიონატში ხელის ტრავმის გამო არ უთამაშია ლევან ყენიას. ქართველი შემტევის გარეშე “სლავია” სახლში “ბოჰემიანსს” დაუზავდა – 2:2. პრაღელებს 20 ქულა აქვთ მოპოვებული 13 ტურში და მეექვსე ადგილზე არიან.

საბერძნეთის სუპერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი გაიტანა გიორგი მერებაშვილმა, რომელმაც გასვლაზე “ლევადიაკოსს” 28-ე წუთზე გაუტანა (VIDEO). გიორგიმ 59 წუთი ითამაშა და მერე შეცვალეს. თავად მატჩი კი ფრედ, 1:1 დასრულდა. “ვერია” მეცხრე ადგილზეა 10 ტურში მოპოვებული 12 ქულით.

ნორვეგიის ტიპელიგაში გიორგი გოროზიას “სტაბეკი” სტუმრად “ბოდოგლიმტთან” 1:6 განადგურდა. არადა, პირველი 45 წუთის შემდეგ იგებდა. ახალგაზრდა ქართველი მოედანზე სწორედ 46-ე წუთიდან გამოჩნდა. “სტაბეკმა” ნორვეგიის ჩემპიონატი 56 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა.

პოლონეთის ექსტრაკლასში ვარშავაში, “ლეგიასთან” 0:1 წააგო ვლადიმერ დვალიშვილის “პოგონმა”. ქართველი თავდამსხმელი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 90 წუთი გაისარჯა, თუმცა თავი ვერ გამოიჩინა. “პოგონი” 15 ტურის შემდეგ 23 ქულით მეოთხე ადგილზეა.

პორტუგალიის სუგუნდა ლიგაში გიორგი მაკარიძემ “ოლჰანენსესთან” შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. მისმა “ფეირენსემ” კი 1:0 იმარჯვა. მაკარიძის გუნდი 24 ქულით მეხუთეა.

0.113769