საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XI ტური დღეს სამი შეხვედრით გაგრძელდა. უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი სათამაშო დღე უხვგოლიანი გამოდგა და ჯამში 13 გოლი გავიდა.
ქუთაისში, “საპოვნელამ” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “დილას” უმასპინძლა და 1:5 განადგურდა. სტუმრებმა მატჩის ბედი პირველივე ნახევარში გადაწყვიტეს, როცა დამხვდურს სამჯერ გაუტანეს. თავი ირაკლი მოდებაძემ, ოთარ მარცვალაძემ და გიორგი ერისთავმა გამოიჩინეს. მეორე ნახევარში გიორგი ილურიძისა და ისლამ მაშუკოვის გოლების შროის გიგა ამბროლაძემ ანგარიში დაასველა. ამ მოგებით გორელები თბილისის “დინამოს” გაუტოლდნენ, თუმცა კონკურენტზე თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული.
თბილისში, “ბენდელაზე” “საბურთალომ” გათამაშების აუტსაიდერი “მერანი” მიიღო და დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა. ანტრაქტზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ: სტუმარი კონსტანტინე ბროლაძის 21-ე წუთზე გატანილი გოლი ორ წუთში ნიკა საბანაძემ გაქვითა. მეორე ტაიმი კი თბილისელთა გამოდგა. გურამ გოშთელიანის ერთ ბურთს გიორგი პანცულაიამ დუბლი დაამატა. შეხვედრის ბოლოს ლაშა ჯღამაიას გოლმა მხოლოდ ანგარიში შეცვალა და შედეგზე გავლენა ვერ იქონია.
აჭარული დერბი, ქობულეთის “შუქურასა” და ბათუმის “დინამოს” შორის, საქართველოს ვიცე-ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა. თამაშის ბედი დასაწყისშივე გასულმა ერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც თამაზ მაქაცარიას ანაგრიშზეა.
უმაღლესი ლიგა, XI ტური
“შუქურა” - “დინამო” (ბათუმი) 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 მაქაცარია (15)
“საბურთალო” – “მერანი” 4:2 (1:1)
გოლები: 0:1 ბროლაძე (21), 1:1 საბანაძე (23), 2:1 გოშთელიანი (54), 3:1 ფანცულაია (73), 4:1 ფანცულაია (75), 4:2 ჯღამაია (89)
“საპოვნელა” – “დილა” 1:5 (0:3)
გოლები: 0:1 მოდებაძე (31, პენ), 0:2 მარცვალაძე (32), 0:3 ერისთავი (41), 0:4 ილურიძე (51), 1:4 ამბროლაძე (65), 1:5 მაშუკოვი (85)