ფეხბურთი

11:52 | 7.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნუნუ ნეგრედოს ისევ არ იმჩნევს

“ვალენსიას” პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ნუნუ ეშპორიტუ-სანტუმ, ესპანეთის პირმერა დივიზიონის მე-11 ტურში “სელტასთან” გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის, თავდამსხმელი ალვარო ნეგრედო შემადგენლობაში ისევ არ შეიყვანა.

30 წლის ფეხბურთელი იმის გამო ისჯება, რომ თავს უფლება მისცა პორტუგალიელი თავკაცი გაეკრიტიკებინა. ნუნუმ არაერთხელ განაცხადა, რომ ალვაროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არა აქვს, მაგრამ გუნდში მას ისევ არ აბრუნებს.

“სელტამ” ჩემპიონატი ძალიან კარგად დაიწყო და მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას. გალისილების დამარცხება “გენტთან” მარცხის შემდეგ ერთგვარი რეაბილიტაცია იქნება. ვიბრძოლებთ ყველა ბურთისთვის” - განაცხადა ნუნუმ AS-თან საუბარში და ნეგრედოს შემადგენლობაში არდაყენებაზეც ისაუბრა:

“ფეხბურთელებს იგნორირებას არასდროს ვუკეთებ, როდესაც ისინი თამაშის სურვილს გამოხატავენ. ალვარო მომავალი მატჩისთვის შემადგენლობაში არაა, მაგრამ ამის მიზეზი ის კი არაა, რომ ცუდად ემზადებოდა, უბრალოდ, ვიგოში ჩვენ ეს ფეხბურთელი არ გვჭირდება”.

პორტუგალიელმა მომავალი მატჩის სტრატეგიაზეც ისაუბრა და ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ფიქრობს თუ არა გუნდიდან წასვლას:

“ნოლიტოს წინააღმდეგ პერსონალურად არ ვიმოქმედებთ. მას ერთი-ერთზე ნებისმიერის მოტყუება შეუძლია. მათ ასევე ჰყავთ ძლიერი ორელიანა და ბრწყინვალე ნახევარდაცვა. შევეცდებით მეტოქე კოლექტიურად შევაჩეროთ. რაც შეეხება ჩემს შესაძლო წასვლას, ეს მხოლოდ ჭორებია. მე თავდაუზოგავად ვშრომობ გუნდისთვის და ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ”.

“ვალენსია” “სელტას” სტუმრად დღეს საღამოს ეთამაშება. ვიგოელები 21 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან, ხოლო “ღამურებს” 15 ქულა აქვთ და მე-7 პოზიციას იკავებენ.

0.102853