ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის მეორე სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა “ესტადიო ბალაიდოსზე” შედგება, სადაც ადგილობრივი “სელტა” ცუდ ფორმაში მყოფ “ვალენსიას” დაუპირისპირდება.
მიმდინარე სეზონში “სელტა” შესანიშნავად გამოიყურება, 21 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერთა დუეტს მხოლოდ 3-3 ქულით ჩამორჩება. გალისიურ კლუბს ერთადერთი წაგება მადრიდის “რეალთან” აქვს, თუმცა ედუარდო ბერიცოს შეგირდებმა იმ მატჩშიც მშვენივრად ითამაშეს და მადრიდელებმა დიდწილად კეილორ ნავასის ბრწყინვალე თამაშის წყალობით მოახერხეს სამი ქულის მოპოვება. მშვენიერ ფორმაშია გალისიელთა ლიდერი ნოლიტო, რომელმაც 10 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მასპინძლებს, რომლებიც დღევანდელ მატჩში ფავორიტად მიიჩნევიან, დისკვალიფიცირებული გუსტავო კაბრალი დააკლდებათ.
რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა “ვალენსიაში”, რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად გამოიყურება. “ღამურები” ლა ლიგაში 15 ქულით მე-7 პოზიციას იკავებენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, რომელიც რეალურად არც ისე ძლიერია, 6 ქულით მე-2 ადგილზე არიან, პირველ საფეხურზე გადასვლის შანსი აღარ აქვთ და მდევარ “გენტს” მხოლოდ 2 ქულითღა უსწრებენ. “ლოს ჩე” ოთხშაბათს სწორედ ბელგიის ჩემპიონთან დამარცხდა და მეტოქეს ისტორია დაუწერა (“გენტმა” არსებობიბს განმალობაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე). “ვალენსიამ” აღნიშნულ მატჩში საშინლად ითამაშა და 90 წუთის განმალობაში მხოლოდ 1 სახიფათო მომენტი შექმნა, როდესაც “გენტს” მინიმუმ სამი 100%-იანი შანსი ჰქონდა.
“ღამურების” გულშემატკივრები საყვარელი გუნდის თამაშით ძალიან უკმაყოფილონი არიან და გადაჭრით მოითხოვენ ნუნუ ესპირიტო სანტოს წასვლას, რომელსაც შესაძლოა კიდევ ერთი ფეხის დაცდენა აღარც აპატიონ. პორტუგალიელი სპეციალისტი დისკვალიფიკაციის გამო ენცო პერესს მოისაკლისებს, დიეგო ალვეში, მეტიუ რაიანი, აიმენ აბდენური და როდრიგო მორენო კვლავ ტრავმირებულნი არიან, ხოლო ალვარო ნეგრედოსთან როგორც ჩანს სერიოზული კონფლიქტი აქვს და გამოცდილი ფორვარდი ზედიზედ მეექვსედ დარჩა განაცხადს მიღმა.
საინტერესო იქნება სანტი მინას დაპირისპირება მშობლიური კლუბის წინააღმდეგ და ისიც, თუ როგორ დახვდება ადგილობრივი პუბლიკა 19 წლის ფეხბურთელს, რომელმაც “ვალენსიას” სეზონის დაწყების წინ მიაშურა.
სავარაუდო შემადგენლობები
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტასი, ს.გომესი, მალიო, ხონი, ვასი, პ.ერნანდესი, ა.ფერნანდესი, ნოლიტო, ორელიანა, ასპასი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
ვალენსია (4-3-3): დომენეში, სანტოსი, მუსტაფი, გაია, კანსელო, ფუეგო, გომეში, პარეხო, ფეგული, ბაკალი, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
მსაჯი: ინიაკი ბიკანდი გარიდო
მეორე ვალენსიური გუნდი “ლევანტე” საკუთარ მოედანზე “დეპორტივოს” მიიღებს და შეეცდება, რომ ბოლო ადგილს დააღწიოს თავი. მშვენიერ ფორმაში მყოფი “ეიბარი” “იპარუაზე” “ხეტაფეს” მიიღებს, “რაიო ვალეკანო” შინ “გრანადას” დაუპირისპირდება, ხოლო დღის უკანასკნელი შეხვედრა “ლა როსალადაზე” შედგება, სადაც “მალაგა” ანდალუსიურ დერბიში “ბეტისს” უმასპინძლებს.