მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარზე ქართველმა სპორტსმენმა გია მაღრაძემ, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ სამბოს ევროპის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ 15-წლიანი პაუზის შემდეგ, მაღრაძემ წელს განახლა ვარჯიში და უკვე ორ სერიოზულ წარმატებას მიაღწია. მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში მაღრაძემ ესპანელი ალბერტო სანჩესი დაამარცხა და ევროპის თასზე ბრინჯაოს პრიზიორიც გახდა.
2015 წლის აპრილში ქართველმა სამბისტმა ესპანეთის თასზე ოქროს მედლის მოპოვებაც შეძლო. მან ნახევარფინალში ხუან ესპინოს სძლია, რომელიც 5 წლის განმავლობაში დაუმარცხებელი გახლდათ.
მაღრაძის წარმატებასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა – მსოფლიო ჩემპიონმა ავთო ცინცაძემ საინფორმაციო სააგენტო “აიპრესთან” გააკეთა.
“გია უკვე დიდი ხანია ესპანეთში ცხოვრობს. ძალიან დიდი წარმატებაა ქართული სამბოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც, რომ მან ევროპის თასზე მედალი მოიპოვა. სამბოს სტილით მოჭიდავე ქართველი სპორტსმენები ამ ტურნირზე არ წასულან, რადგან გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 12-16 ნოემბერს მაროკოში იმართება. ამჟამად ისინი შეკრების ბოლო, დასკვნით ეტაპს გადიან. მანამდე გაიარეს ბაკურიანში, ბორჯომსა და ახლა უკვე გორის შეკრებები”, - განაცხადა ავთო ცინცაძემ.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური