სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

13:08 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრები ისრაელს მიემგზავრება

ოთხშაბათ დილას ისრაელს მიემგზავრება ხელბურთის ეროვნული ნაკრები და 5, 6, 7 ნოემბერს თელ ავივში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს ითამაშებს ისრაელის, პორტუგალიისა და ესტონეთის წინააღმდეგ.

თამაშებს უმასპინძლებს თელ-ავივის მთავარ ჭერქვეშა არენა, „დრაივ-ინ“, რომელიც 3400 მაყურებელს იტევს. ტურნირი გადაიცემა ისრაელის ტელევიზიით, შესაძლებელი იქნება თუ არა რეპორტაჟის საქართველოში ყურება, დამატებით გაცნობებთ.

საქართველოს ნაკრები ახალი მწვრთნელების, ლევან გელაშვილისა და გიორგი გვაზავას ხელმძღვანელობით, ერთი კვირა ემზადებოდა გლდანში, ცერცვაძის აკადემიაში, ხოლო ბოლო ოთხი ვარჯიში, ორშაბათსა და სამშაბათს, უკვე სპორტის სასახლეში გაიმართა.

ისრაელში გაემგზავრება 16 ხელბურთელი, მათ შორის, 3 დებიუტანტია - 17 წლის ირაკლი კბილაშვილი, გიორგი დიხამინჯია (18) გიგა კოხრეიძე (19). წინასწარ გამოცხადებულ 28 კაციან რაზმს მოგვიანებით დაემატნენ გიგა ტორონჯაძე და ზურაბ სიმონია და ორივე მოხვდა საბოლოო შემადგენლობაში.

ნაკრებს უკვე შემოუერთდა ყველა ლეგიონერი, სულ ბოლოს - სერგო დათუკაშვილი. ოჯახური მიზეზების გამო დაგვაკლდება მხოლოდ ვლადიმერ რუსია. სამშაბათს, 18 საათზე სპორტის სასახლეში ბოლო ვარჯიშია, ხოლო ოთხშაბათ დილას გუნდი უკვე ისრაელში იქნება და ორჯერ უკვე თელ-ავივში ივარჯიშებს. ხუთშაბათ საღამოს პირველი მატჩია ტურნირის მასპინძლებთან.

ლეგიონერები სრულ მზადყოფნაში არიან. რუმინეთში 11 ტურის შემდეგ ქართველთა კლუბები მე-4-6 ადგილებზე არიან განლაგებულები. ლიდერობს CSM ბუქარესტი 27 ქულით, 21-21 ქულით 4-5 ადგილებზე არიან ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარა და ვლადიმერ რუსიას ოდორჰეი, შოთა თევზაძის რეშიცა მეექვსეა (19 ქულა).

საუკეთესო ფორმაშია ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც 61 გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირია. ტარგუ ჟიუსთან მოგებულ თამაშში (31-28) ირაკლიმ 11 გოლი გაიტანა და ამას მოყვა მატჩი რეშიცასთან. ამ მომენტისთვის ტიმიშოარას ზედიზედ 4 მოგება ჰქონდა - რეშიცას, კარგი სტარტის შემდეგ, ზედიზედ 4 წაგება. ამ მატჩში ჩიქოვანმა 4 გოლი გაიტანა, შეხვედრა კი იქცა შოთა თევზაძის ბენეფისად, რომელსაც საკუთარმა მაყურებელმა თამაშის შემდეგ სპეციალური ოვაცია მოუწყო. რეშცამ მოიგო - 20-19. ვლადიმერ რუსია ისევ არ თამაშობს, მისმა კლუბმა კი ქართველის არყოფნაში სამი მატჩი წააგო და ლიდერობიდან მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

ფორმაში შედის რატი მსხვილიძე. მისი კლუბი, ტრაბზონ აქჩაბათი 7 თამაშიდან 2 მოგებით ცხრილის ქვედა ნაწილშია, თუმცა, ქართველი შუამარბი ბოლო მატჩებში საუკეთესოა: ანაფენ კოლეჯთნ მოგებულ თამაშში (34-27) რატიმ 8 გოლი გაიტანა, 6 და 7 დაამატა უკვე წაგებულ შეხვედრებში გიოზთეფესთან (26-35) და ბეშიქთაშთან (24-31). მსხვილიძეს 7 მატჩში 42 გოლი დაუგროვდა.

რევაზ ჭანტურიას სტრუმიცას ფინანსური პრობლემები აქვს. კლუბმა EHF თასის პირველი ეტაპის ორივე მატჩი სტუმრად ითამაშა ჰაუკართან, ისლანდიაში 11 მოთამაშით გაემგზავრა და ორივეჯერ დამარცხდა - 20-34, 24-29, ქართველმა გარემარბმა კი 2 და 3 გოლი გაიტანა.

სეჰა-ლიგაზე სტრუმიცამ 3 მატჩი წააგო და 9 თამაშიდან მხოლოდ 2 ფრე აქვს. სერბეთის ვოიპუტთან (18-26) და ხორვატიის ნექსესთან (17-23) ქართველ გარემარბს გოლი არ გაუტანია, ხოლო სლოვაკეთის პრეშოვთან (18-44) არც კი ყოფილა განაცხადში, რომელშიც მაკედონიურ კლუბს სულ 10 მოთამაშე ჰყავდა. ამავე ლიგაში სერბეთის ვოივოდინა მერვე ადგილზეა 5 ქულით, გუნდმა პირველი თამაშიც მოიგო ბოსნიის ბორაცთან (37-29), შემდეგ კი წააგო ვესპრემთან (22-42), თუმცა, სერგო დათუკაშვილმა ამ სეზონში ნოვი სადის კლუბში მხოლოდ ხუთჯერ ითამაშა და უკვე გადავიდა სერბეთისვე მეტალოპლასტიკაში.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017. საქართველოს ნაკრები ისრაელში, საკვალიფიკაციო ტურნირზე

მეკარეები: 22. შოთა თევზაძე (1981, რეშიცა, რუმ), 16. გიგა ტორონჯაძე (1989, სტუ)

უკანა ხაზი: 8. ირაკლი ჩიქოვანი (1989, ტიმიშოარა,რუმ), 9. სერგო დათუკაშვილი (1978, მეტალოპლასტიკა, სრბ), 24. რატი მსხვილიძე (1986, ტრაბზონ აქჩაბათი, თურ), 20. ლექსო წითელიშვილი (1992, სამტრედია), 19. ზურაბ სიმონია (1994, სამტრედია), 17. თემურ ორჯონიკიძე (1996, სტუ), 77. აკაკი ტალახაძე (1983, თავრიზი, ირა)

მარცხენა გარემარბები: 7. უჩა გამზარდია (1990, ფოთი), 21. ირაკლი კბილაშვილი (1998, ქუთაისი)

მარჯვენა გარემარბები: 23. რევაზ ჭანტურია (1982, სტრუმიცა, მკდ), 3. გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი)

პივოტები: 18. უჩა მაისურაძე (1986, ბათუმი), 6. გიგა კოხრეიძე (1996, პეგასი), 4. ლევან ბერძენიშვილი (1986, ბათუმი)

მთავარი მწვრთნელი ლევან გელაშვილი, მწვრთნელი გიორგი გვაზავა, ექიმი ლევან ლინნიკი, დელეგაციის თავი ვახტანგ მეიფარიანი

--

კვალიფიკაციის პირველი ეტაპი

4 ჯგუფი: პორტუგალია, ისრაელი, ესტონეთი, საქართველო (თელ ავივში)

5 ნოემბერი: 19:15 პორტუგალია-ესტონეთი, 21:40 ისრაელი-საქართველო

6 ნოემბერი: 18:00 ესტონეთი-ისრაელი, 20:15 საქართველო-პორტუგალია

7 ნოემბერი: 19:00 ესტონეთი-საქართველო, 21:15 პორტუგალია-ისრაელი

პლეიოფ გადის თითო გამარჯვებული. პლეიოფი - 2016 წლის ივნისში

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11339