ფეხბურთი

3:57 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” ოთხეულს მიუახლოვდა

ინგლისის ჩემპიონატის მე-11 ტურის დასკვნითი შეხვედრა “უაით ჰართ ლეინზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ტოტენჰემმა” ბირმინგემის “ასტონ ვილა” მიიღო და სამი ქულის მოპოვება მოახერხა.

მასპინძლებმა დაწინაურება დებიუტშივე მოახერხეს. მე-3 წუთზე მუსა დემბელე მარცხენა ფლანგზე კლარკს გაუსწორდა იოლად და გუზანს ახლო კუთხეში გაუტანა. მსაჯის მიერ პირველ კონპენსირებულ წუთზე, უკვე ალი გაისარჯა კარგად და გუზანს აუღებელი დაურტყა.

მეორე ნახევარში “ასტონ ვილამ” გაიბრძოლა და 79-ე წუთზე ჯორდან აიუმ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, თუმცა ბირმინგემელებს მეტი არაფერი გამოუვიდათ და გოლი აქეთ გაუშვეს – 93-ე წუთზე ჰარი კეინმა ერიკ ლამელას გადაცემა შეირგო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

“ტოტენჰემმა” 20 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილოსან “მანჩესტერ იუნაიტედს” მხოლოდ ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ “დეზები” მიმდინარე პრემიერლიგაში სწორედ “იუნაიტედთან” დამარცხდნენ პირველ ტურში. მას შემდგომ ლონდონურ კლუბს 10 მატჩია არ წაუგია.

სამაგიეროდ, ყველაფერს აგებს “ასტონ ვილა”, რომლისთვისაც “უით ჰართ ლეინზე” მარცხი ზედიზედ მე-7 გახლდათ პრემიერლიგაში. ბირმინგემელები 4 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩიდან კლუბს რემი გარდი დამოძღვრავს და იქნებ მან მაინც უშველოს “ვილა პარკის” ბინადარს...

ტოტენჰემი – ასტონ ვილა 3:1 (2:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, უოლკერი, როუზი (დევისი 82), ალი (ონომაჰი 89), დაიერი, დემბელე (მეისონი 69), ლამელა, ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი, ლესკოტი, კლარკი, ჰატონი, რიჩარდსონი, სანჩესი, ვესტვუდი (ჯ.აიუ 38), ბაკუნა, გრელიში (ხილი 65), სინკლერი, აგბონლაჰორი (ჟესტედი 46).
მწვრთნელი: კევინ მაკდონალდი (დროებითი მწვრთნელი)

გოლები: 1:0 დემბელე (3), 2:0 ალი (45+1), 2:1 ჯ.აიუ (79), 3:1 კეინი (93)
გაფრთხილებები: ჯ.აიუ, რიჩარდსონი, ჰატონი
მსაჯი: მაიკლ დინი

0.140132