ფეხბურთი

0:49 | 1.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი ამჯერად საგოლე გადაცემას დასჯერდა

ჰოლანდიის ერედივიზიონის X ტურში არნემის “ვიტესმა” სტუმრად “ექსელსიორი” 3:0 გაანადგურა. სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ვალერი ყაზაიშვილმა, თუმცა ამ უკანასკნელს წინა სამი ტურისგან განსხვავებით ამჯერად გოლი არ გაუტანია. სამაგიეროდ ვაკომ 54-ე წუთზე თანაგუნდელ მილო რაშინას საგოლედ უპასა, რითაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. “ვიტესს” 17 ქულით მეხუთე ადგილი უკავია.

ჯაბა კანკავას გარეშე თამაშობს და ისევ აგებს “რეიმსი”. საქართველოს ნაკრების კაპიტნის თანაგუნდელები ამჯერად გასვლაზე “სენტ ეტიენთან” განადგურდნენ – 0:3. ბოლოს “რეიმსმა” შინ “ლილს” მოუგო (1:0) და იმ თამაშის მერე კანკავას გარეშე სამი შეხვედრა დათმო. შესაბამისად, სატურნირო ცხრილშიც დაბლა იწევს, ამჟამად 15 ქულით მე-11 ადგილზეა. მოგეხსენებათ, კანკავა ტრავმირებულია.

გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის სეგუნდა ლიგის მე-13 ტურში კარი მშრალად შეინახა. ქართველი კიპერი “სანტა კლარასთან” (1:0) შეხვედრაში ტრადიციულად 90 წუთი გაისარჯა. “ფეირენსემ” კი ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და 20 ქულით მეექვსე ადგილზეა.

კვიპროსის ჩემპიონატის მეცხრე ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა “აპოელმა” შინ 3:0 დაამარცხა “ახნასი”. სტუმართა შორის 90 წუთი ითამაშა შოთა გრიგალაშვილმა, ხოლო ბექა ტუღუში კი მოედანზე 81-ე წუთიდან გამოჩნდა. “აპოელი” 25 ქულით ლიდერობს, “ახნასს” 8 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.

საბერძნეთის სუპერლიგაში პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” სახლში (0:2) წააგო გიორგი მერებაშვილის “ვერიამ”. მასპინძელთა შორის ბოლო 15 წუთი ითამაშა მერებაშვილმა, რომელმაც აბდუნი შეცვალა. “ვერია” 11 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

უკრაინის პრემიერლიგაში მურთაზ დაუშვილის ლვოვის “კარპატიმ” შინ 1:0 მოუგო ზაპოროჟიეს “მეტალურგს”. ლვოველთა შორის შეხვედრა თადარიგიდან დაიწყო და ბოლო ნახევარი საათი ითამაშა დაუშვილმა, ხოლო უკრაინის მოქალაქე ამბროსი ჩაჩუამ თავიდან ბოლომდე იაპარეზა. “კარპატს” 16 ქულა დაუგროვდა მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

0.113098