გერმანიის ბუნდესლიგაში მორიგი შეხვედრები გაიმართა და ორი ქართული გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ბექა ბუჯიაშვილის ASV Mainz-მა შმაგი ბოლქვაძის VFK 07 Schifferstadt-ი სტუმრად დაამარცხა 14:11.
ბუჯიაშვილმა (61) კიდევ ერთ ქართველს, ესპანეთს სახელით მოჭიდავე ლევან მეტრეველს 12:5 მოუგო. შმაგი ბოლქვაძე (66) ბუნდესლიგაში წაუგებელ სერიას განაგრძობს და ამჯერად, ვლადიმირ ბერენჰარდტი დაამარცხა 7:0. მაინცის შემადგენლობაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა დავით ბიჩინაშვილმა (86), რომელმაც 15:0 სძლია რაჰმან ბაირანის.
მომდევნო ტურში “შიფერსტადმა” 40:0 დაამარცხა “მასნფენდერ ლანდი”. შმაგი ბოლქვაძემ (66) ამჯერადაც გაიმარჯვა გერმანელ მაკუს ბრეიტშუჰთან 12:0.
“მაინცმა” ბუნდესლიგის შარშანდელ ჩემპიონ გიორგი საკანდელიძის “კოლერბახთან” დათმო შეხვედრა 8:16. თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვან შეხვედრაში გენო პეტრიაშვილმა (130) უკრაინელი ალექსანდრ ხოციანოვსკი 4:0 დაამარცხა.
wrestling.ge