ფეხბურთი

10:24 | 30.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

როცა წარსული მომავალს გკარნახობს...

სტაჟიან გულშემატკივარს კარგად ეხსომება 90-იანი წლების საკლუბო ფეხბურთის ბრძანებელი. ეს იტალიური “მილანი” იყო. იმ ხანად ლომბარდიელების შეჩერება ევროპის ნებისმიერ გუნდს უჭირდა და ლოგიკურიც გახლდათ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ტიტულების მოგებას თითქმის ყოველ წელს ახერხებდა.

“როსონერი” მანამდეც სახელმოხვეჭილი გუნდი იყო და 70-იან წლებში უკვე ორჯერ მოეგო ჩემპიონთა თასი. თუმცა მერე ლომბარდიელთა ისტორიაში შავი ფურცლის ჯერი დადგა და 80-იანი წლების დასაწყისში გუნდს ორჯერ მოუწია სერია B-ში თამაში. ამას კი ის ნაბიჯი მოჰყვა, რამაც “მილანის” ისტორია ძირფესვიანად შეცვალა. ტელემაგნატმა სილვიო ბერლუსკონიმ კლუბის აქციები შეისყიდა და...

1989 და 1990 წელს კლუბი ევროპული ფეხბურთის სათავეში ზედიზედ ორი წელი იმყოფებოდა, თანაც ისეთ თამაშს აჩვენებდა, თქვენგან მოწონებული... არიგო საკის “მილანთან” გაჯიბრება არავის ეპიტნავებოდა. მეტიც, ეს უკვე დამარცხებას მოასწავებდა... იმდროინდელი “მილანის” მთავარი სულისჩამდგმელები ჰოლანდიელი ბიჭები იყვნენ: მარკო ვან ბასტენი, რუუდ გულიტი და ფრანკ რაიკაარდი მეტოქეებს შიშის ზარს სცემდნენ. უკან გენიალური ფრანკო ბარეზი მეთაურობდა, ხოლო მის გვერდით პაოლო მალდინი ვაჟკაცდებოდა... მერე საკი იტალიის ნაკრებში წავიდა, მისი ადგილი კი ფაბიო კაპელომ დაიკავა.

შავ-წითელთა სათამაშო სტილი შეიცვალა, მაგრამ შედეგი იგივე გახლდათ, რაც საკისეულ “მილანს” ჰქონდა. მილანელები ისევ იგებდნენ, ოღონდ ძირითადად მოკრძალებული ანგარიშებით, თუმცა ამასაც ჰქონდა დადებითი თვისება – გუნდი ფაქტობრივად გოლს არ უშვებდა!.. სწორედ ასეთ “მილანს” მოუწია 1994 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში კატალონიის “ბარსელონასთან” თამაში..

ბევრისთვის გამარჯვებული წინასწარ ცნობილი იყო და იოჰან კრუიფის დამოძღვრილ ესპანურ გრანდს უკვე ჩემპიონად მიიჩნევდნენ, მაგრამ... მაგრამ კაპელოს გენიალურმა გუნდმა კიდევ უფრო გენიალური თამაში აჩვენა და ფავორიტ “ბარსას” ერთი ამოსუნთქვით მოუგო. პაოლო მალდინიმ რომარიოს ფეხი არ გაანძრევინა, ხოლო “მილანმა” “ბარსელონა” დაჩაგრა – 4:0. ეს თამაში დღემდე მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და გამორჩეულ დაპირისპირებად...

ამის მერეც დაღმასვლის პერიოდი დადგა მანამ, სანამ მილანში ძველი ნაცნობი კარლო ანჩელოტი არ ჩავიდა. მართალია, შუალედში იყო ალებერტო ძაკერონი და 1999 წელს მოგებული სკუდეტო, მაგრამ ეს უფრო დროებითი გამონათება გახლდათ, ვიდრე ნამდვილი “მილანის” დაბრუნება.. ნამდვილი “მილანი” კი ანჩელოტისთან ერთად დაბრუნდა და XXI საუკუნის დასაწყისში ისევ იქცა მონსტრად. პირველ ათწლეულში “როსონერიმ” ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, ერთხელ ფინალიც ითამაშა, ის ფინალი, რომლის მიმდინარეობა დღესაც ბევრს ვერ დაუჯერებია, მაგრამ ეს სხვა თემაა და ამაზე ცალკე წერაც შეიძლება...

თუმცა, დასასრული ყველაფერს აქვს და ანჩელოტის ხანაც ბოლოში გავიდა. მას შემდეგ “მილანი” ისეთი ძლევამოსილი ვეღარაა, ისეთნაირად ვეღარ გადის მწვანე მინდორზე და ისეთნაირად “მილანის” სახელის გაგონებაზე მეტოქეებს შიშის ზარს ვეღარ სცემს... ამის გამოა, რომ დღეს ბევრი ამ დიად გუნდზე ქილიკსაც არ ერიდება და ხან ჩემპიონთა ლიგაზე ართამაშს გაუხსენებს, ხანაც სერია A-ში დაბალ პოზიციაზე გასვლას. ზოგჯერ რომელიმე ამ კლუბისთვის შეუფერებელი დონის ფეხბურთელის ყოლას და გრძელდება ასე დაუსრულებლად. თუმცა დასასრული ყველაფერს რომ აქვს უკვე ვთქვით და შეუძლებელია ესეც დაუსრულებლად გაგრძელდეს. ალბათ, დროა საჭირო და მერე “მილანი” ისევ იმილანებს, ისევ მოიგებს ტიტულებს, ისევ გაიწევს მაღალი მწვერვალისკენ, ისევ მოიგებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მილიონობით ადამიანის გულს და გააშავწითლებს მათ ცხოვრებას ისე, როგორც აქამდე აკეთებდა.

ფაქტია, რომ “მილანი” დიდი გუნდია, დიდი ისტორიითა და დიადი წარსულით. ასეთ წარსულზე კი ასეთივე მომავლის აშენება სრულებით შესაძლებელია...

თეგები“მილანი”
0.150942