ფეხბურთი

20:46 | 29.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ლორენტე: “ადაპტაციაში ხელი ტრავმამ შემიშალა”

ესპანური “სევილიას” თავდამსხმელმა ფერნანდო ლორენტემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ახალ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა.

30 წლის ფეხბურთელი ანდალუზიურ კლუბში ზაფხულში, ტურინის “იუვენტუსიდან” გადავიდა, პრიმერა დივიზიონის მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა, ერთხელ კი, საგოლე გადაცემა გააკეთა. ის იმ მიზეზებსაც შეეხო, რის გამოც კლუბი მიმდინარე სეზონში არცთუ წარმატებულად თამაშობს.

“ტრავმა რომ არ მიმეღო, “სევილიაში” ბევრად უკეთესი სტარტი მექნებოდა. მოუთმენლად ველი მოედანზე დაბრუნებას. “სევილია” დიდი კლუბია, სადაც სერიოზული კონკურენციაა. გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ყველას გვჭირდება დრო, რათა ერთმანეთს შევაჩვიოთ. სწორედ ესაა პრიმერა დივიზიონში წარუმატებელი სტარტის მიზეზი. ბოლო თამაშებს თუ დააკვირდებით, ნამდვილი “სევილიას” ნიშნებს აუცილებლად შენიშნავთ” - თქვა ლორენტემ.

ცუდი სტარტის შემდეგ, “სევილიამ” პრიმერა დივიზიონის ბოლო ოთხი თამაშიდან სამი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, რის შემდეგაც 12 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილამდე დაწინაურდა.

0.11077