ფეხბურთი

0:52 | 28.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ნაკრების მარცხი შვეიცარიაში

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიის ქალაქ ბიელში მასპინძელთა ეროვნული გუნდის წინააღმდეგ “ევრო 2017“-ის შესარჩევ შეხვედრა გამართა და 0:4 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ქალები შვეიცარიაში შესუსტებული შემადგენლობით გაემგზავრნენ. ტრავმის გამო, მატჩს გულნარა (კესო) გაბელია დააკლდა, ხოლო ჩეხებთან მიღებული წითელი ბარათის გამო, შეხვედრა გუნდის კაპიტანმა ტატა მატვეევამ გამოტოვა. ამას გარდა, სავიზო პრობლემების გამო, გუნდს ლამის შუა გზიდან გამოაკლდნენ თეონა სუხიშვილი და ნინო ჩხარტიშვილი.

სამაგიეროდ, ნაკრების შემადგენლობაში კვლავ გამოჩნდნენ ცენტრალური მცველი თამარ ტატუაშვილი და თავდამსხმელი ხატია ჭყონია, რომლებმაც 24 ოქტომბერს, თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართული თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს. აღსანიშნავია, რომ ჭყონიამ შვეიცარიასთან მატჩშიც 2 ყვითელი ბარათი მიიღო და 78-ე წუთზე მინდვრის დატოვება მოუხდა.

გასულ შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე სხირტლაძის ავტოგოლის შემდეგ გაიხსნა, 34-ე წუთზე თავი ჩრნოგორჩევიჩმა გამოიჩინა, მე-2 ტაიმში კი დიკენმანმა (50) და ჰუმმაც (74) გაიტანეს.

საქართველოს ქალთა ნაკრებს 4 მატჩის თავზე ქულა არ აქვს აღებული და მე-6 ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია, ლიდერები კი, 6-6 ქულით, შვეიცარია და იტალია არიან, რომელმაც ჩეხეთში 3:0 მოიგო.

ქართველი ფეხბურთელები მომდევნო მატჩს 2016 წლის 12 აპრილს ჩეხეთთან სტუმრად ჩაატარებენ. ისიც ვთქვათ, რომ შემდეგ ეტაპზე 8 შესარჩევი ჯგუფების გამარჯვებულები და ექვსიც საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ.

2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდი ქალ ფეხბურთელთა შორის. მე-6 ჯგუფი. ბიელი (შვეიცარია)

შვეიცარია – საქართველო 4:0 (2:0)

საქართველო: ნადირაშვილი, პასიკაშვილი, კოჭლამაზაშვილი, თოდაძე, ჭიჭინაძე, ჭყონია, ჩემინავა (კვალიაშვილი, 93), ტატუაშვილი, სხირტლაძე (დუმბაძე, 76), სუთიძე, დანელია (ზაქაიძე, 67).

მწვრთნელი: თამაზ კოსტავა.

გოლები: სხირტლაძე (9 აგ.), ჩრნოგორჩევიჩი (34), დიკენმანი (50), ჰუმი (74).

გაფრთხილება: ნადირაშვილი (41), ჭყონია (6, 78).

გაძევება: ჭყონია (78).

0.117663