ძიუდო

18:57 | 27.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლი აბუ დაბიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა აბუ დაბიში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მინდია ბოდაველისა და ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდი ფინალში იაპონიის ნაკრებთან 0:5 დამარცხდა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე 60 კილოგრამის მოჭიდავე თორნიკე ნაგლიაშვილი გავიდა და ინდივიდუალურ პირველობაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან - მასაია ასარისთან მესამე წუთის მიწურულს მტკივნეული ილეთით წააგო. 73-ში ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი თამაზ კირაკოზაშვილი იუჯი იამამოტოსთან უილეთო შეხვედრაში ერთით მეტი გაფრთხილების გამო დამარცხდა. საფინალო გონგამდე 25 წამით ადრე ტატამის მსაჯმა ქართველი ძიუდოისტის ილეთი იუკოდ შეაფასა, მაგრამ მსაჯთა მაგიდამ გადაწყვეტილება გაუუქმა.

ოქროს მედლის მომტანი ქულა კი იაპონელებს მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის ფინალისტმა სოტარო ფუჯივარამ მოუპოვა, ლევან გუგავას ვაზარი-იუკოთი ძლევით.

დარჩენილ შეხვედრებში მწვრთნელებმა თავის გამოჩენის შანსი იმ შეგირდებს მისცეს, რომლებსაც ფინალამდე ერთი შეხვედრაც არ ეჭიდავათ. გიორგი გველესიანი (90 კგ) შოიჩიარო მუკაის დაუპირისპირდა და უილეთოდ, ერთი შიდოთი წააგო. გიორგი ლაზუაშვილი (+90 კგ) კი ინდივიდუალურ პირველობაზე გურამ თუშიშვილის მომგებ და ვერცხლის პრიზიორ ჯენტა ტანაკასთან შეხვედრაში მესამე წუთზე ბეჭებზე დავარდა.

იაპონიისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ-მეორე ნომრებად იყვნენ განთესილები და საქმეში მეორე წრიდან ჩაერთნენ. ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალის გზაზე ბელარუსისა (3:2) და ეგვიპტის (4:1) ნაკრებები დაამარცხეს.

მესამე საპრიზო ადგილები ბელარუსმა და რუსეთმა დაიკავეს.

ვაჟების პარალელურად, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გოგონებმაც გამოავლინეს და ოქროს მედალს იქაც იაპონელები დაეუფლნენ, ფინალში ფრანგების ძლევით. ბრინჯაოები კი გერმანელებსა და ჰოლანდიელებს ერგოთ.

0.114671