ჟოზე მოურინიოსა და ლონდონის “ჩელსის” გზები შესაძლოა გაიყაროს. როგორც ინგლისური მედია წერს, პორტუგალიელი სპეციალისტი შაბათს, “ლივერპულთან” დამარცხების შემთხვევაში უმუშევარი დარჩება. თუმცა, იმავე გამოცემების ინფორმაციით, მოურინიოს ნდობა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ექნება და თუ “ჩელსი” თამაშის გაუმჯობესებას ვერ მოახერხებს, მაშინ “განსაკუთრებულს” დაითხოვენ.
“ჩელსი” დღეს ინგლისის ლიგის თასზე “სტოკ სიტის” ეთამაშება, შემდეგ პრემიერლიგაში “ლივერპულს”, ერთი კვირის თავზე ჩემპიონთა ლიგაზე კიევის “დინამოს”, ხოლო 7 ნოემბერს “სტოკს” უკვე პრემიერლიგაში გაეჯიბრება. სწორედ ზემოხსენებული 4 თამაშის შედეგი გადაწყვეტს მოურინიოს ბედს.
ისე კი, “არისტოკრატები” წლეულს ერთობ უხარისხოდ თამაშობენ და პრემიერლიგაში 10 ტურში უკვე 5 მარცხი დაუგროვდათ, რის გამოც მისთვის შეუფერებელ მე-15 ადგილზე არიან. “ჩელსი” კარგად ვერც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და 3 ტურში მხოლოდ 4 ქულა აქვს. ლონდონური გრანდი ბოლოს “ვესტ ჰემთან” 1:2 დამარცხდა.