საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა უნგრეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. გოჩა ავსაჯანიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რუმინეთის ნაკრებს ადვილად, 3:0 აჯობა. ქართველი ფეხბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და საკუთარი წარმატება ეჭვქვეშ ერთხელად არ დაუყენებიათ.
აღსანიშნავია, რომ ჯამში პატარა “ჯვაროსნებმა” ვლახების კარისკენ 26-ჯერ დაარტყეს, რომელთაგანაც 3 გოლად აქციეს. ანგარიში 24-ე წუთზე სპანდერაშვილმა გახსნა და ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ნახევარში კი საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორჯერ იხეირა – ჯერ ჩაკვეტაძემ გაზარდა სხვაობა, მერე კი ნინუამ ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა.
IV ჯგუფში ორი ტურის შემდეგ 4 ქულით სლოვაკეთის ნაკრები ლიდერობს. 3-3 ქულა აქვთ საქართველოსა და რუმინეთს. თუმცა, ბურთების უკეთესი შეფარდებით მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრებია. ტურნირის მასპინძელ უნგრეთს კი მხოლოდ ერთი ქულა აქვს.
ბოლო ტურში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები მასპინძელ უნგრეთს დაუპირისპირდებიან. სწორედ მესამე ტურში, 29 ოქტომბერს გამოვლინდება ამ ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი, რომელიც ელიტრაუნდში განაგრძობს ასპარეზობას.
რუმინეთი (17წ) – საქართველო (17წ) 0:3 (0:1)
დაბაში, “ვაროში სთედიუმი”
რუმინეთი (17წ) (4-2-3-1): ვლადი; ჩიფუ (განეა 68), პადურეცი, დიმა, პოდინა; ბობოცი, დრაგომირი; მიკოვსკი (სინტეანი 71), კრაიუ (მატანი 41), ნეციუ; მოლდოვანუ
მწვრთნელი: ადრიან ბოინგიუ
საქართველო (17წ): (4-5-1): გუგეშაშვილი; ვირუბოვი, ქაფიანიძე (ქასრელიშვილი 71), ასათიანი, ნიკოლეიშვილი; სპანდერაშვილი, ჩაკვეტაძე (კოპლატაძე 74), ნინუა, კუცია, ხარაბაძე; ქავთარაძე (ქიმერიძე 63)
მწვრთნელი: გოჩა ავსაჯანიშვილი
გოლები: 0:1 სპანდერაშვილი (24), 0:2 ჩაკვეტაძე (44), 0:3 ნინუა (68)
გაფრთხილება: დიმა (12, 64) – ქიმერიძე (78)
გაძევება: დიმა (64)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 26 (11) კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: ანდერს პოულსენი (დანია)
1. | სლოვაკეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 5:4 | 4 | ||
2. | საქართველო | 2 | 1 | 0 | 1 | 6:4 | 3 | ||
3. | რუმინეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:4 | 3 | ||
4. | უნგრეთი | 2 | 0 | 1 | 1 | 2:3 | 1 |