ქართველი ჩოგბურთელები სოფო შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა ფრანგულ პუატიეში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდნენ, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწიეს.
მე-6 ნომრად განთესილი შაფათავა პირველ რაუნდში წარსულში ძალიან ცნობილ შვეიცარიელ ჩოგბურთელ პატი შნიდერს დაუპირისპირდა და 6:2, 5:7, 6:1 სძლია. ცნობისთვის, შნიდერი 14 დეკემბერს 37 წლის ხდება და ამჟამინდელ რეიტინგში მხოლოდ 727-ე ადგილი უკავია, არადა, 10 წლის წინ მსოფლიოს მე-7 ჩოგანი გახლდათ.
გასაკვირი არ ყოფილა, რომ სოფომ სახელოვან მეტოქესთან სამახსოვრო ფოტოს გადაღების შანსი ხელიდან არ გაუშვა და ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეც გამოაქვეყნა.
სამწუხაროდ, კვალიფიკაციის მე-2 წრეში შაფათავა გაცილებით ნაკლებად ცნობილ შვეიცარიელს – კონი პერინს ვეღარ გაუმკლავდა და პირველი სეტის მოგების მიუხედავად, 7:5, 1:6, 1:6 წააგო.
რაც შეეხება კალაშნიკოვას, ის პირველივე მატჩში უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან 6:7 (3:7), 3:6 დამარცხდა.
საინტერესოა, რომ ვასილიევა წყვილებში შაფათავასთან გახლავთ შეამხანაგებული და ეს დუეტი მე-4 ნომრადა განთესილი. სოფო და ანასტასია ჩეხებს – კუნჩიკოვას და სტუჩლას ეთამაშებიან.
კალაშნიკოვამ მეწყვილედ უნგრელი კატალინ მაროსი შეარჩია და ისინი ძალებს რუსულ-უკრაინულ ტანდემთან (სოლოვიევა-ზანევსკა) მოსინჯავენ.
დასასრულ, იმ რეიტინგზეც ვთქვათ, რომელიც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) დღეს გამოაქვეყნა: 237 (256). სოფო შაფათავა – 189 ქულა; 372 (376). სოფო ქვაცაბაია – 94; 383 (397). ეკატერინე გორგოძე – 89; 578 (569). მარიამ ბოლქვაძე – 42; 680 (679). ოქსანა კალაშნიკოვა – 27; 748 (745). თინათინ ყავლაშვილი – 20; 1101 (1091). თამარ ჭალაგანიძე – 7; 1197 (1189). ანა შანიძე – 4;