ევროპის 2015 წლის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული საჭადრაკო კლუბი “ნონა” სკოპიედან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ მოჭადრაკეებს აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრებთან ერთად ჟურნალისტებიც დახვდნენ.
worldsport.ge “ნონას” რამდენიმე წევრს გაესაუბრა და განვლილ ტურნირზე დაეკითხა.
ნინო ბაციაშვილი (“ნონას” წევრი): “ეს ტურნირი შარშანაც მოვიგეთ. თითქმის იგივე გუნდით ვთამაშობდით. მხოლოდ ერთი ცვლილება იყო, სალომე მელიას ნაცვლად ლელა ჯავახიშვილი თამაშობდა. თავიდანვე ფავორიტებად ვითვლებოდით და ამიტომაც ვიბრძოლეთ ჩვენი ტიტულის დასაცავად, ამ წარმატებასაც ველოდით.
ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მაღალი დონის ტურნირია. თანაც, ჩვენ გუნდში ლეგიონერები არ გვყავს. სხვები კი ლეგიონერებითაც არიან დაკომპლექტებულნი. აღნიშნული ტურნირზე საკმაოდ ძლიერი მოჭადრაკეები თამაშობდნენ”.
ნანა ძაგნიძე (“ნონას” წევრი): “საკმაოდ მაღალი დონის და რთულად მოსაგები ტურნირი იყო. რუსეთს ჰყავდა სამი ძლიერი გუნდი, მათ შორის ერთ-ერთი იყო რუსეთის ნაკრების წევრებისგან დაკომპლექტებული. ჩვენ მაქსიმალური შედეგი ვაჩვენეთ და ყველა შეხვედრა მოვიგეთ. ძალიან გახარებულები და კმაყოფილები ვართ.
დაახლოებით ორ კვირაში ევროპის გუნდური ჩემპიონატი გვეწყება ისლანდიაში სანაკრებო დონეზე და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იგივე შედეგს ვაჩვენებთ. უკვე 15 თამაშია არ წაგვიგია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. იმედია, გავაგრძელებთ დაუმარცხებელ სერიას”.
მარიკა ჯაფარიძე (“ნონას” კაპიტანი და მენეჯერი): “ჩვენთვის ეს უკვე დუბლია. 2014 წელს ბილბაოში მოვიგეთ, ამჯერად უკვე სკოპიეში. საბოლოო ჯამში ტურნირს დადებითად შევაფასებ, რადგან გოგოებმა 7-დან 7 მატჩი მოიგეს. მოუგეს რუსეთის სამ უძლიერეს გუნდს. ვფიქრობ, დიდი შედეგები, წინსვლა, გოგონების პროფესიონალიზმი სახეზეა”.
შეგახსენებთ, “ნონამ” ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო, ხოლო ახლახან დასრულებულ ტურნირზე ყველა ჩატარებული თამაში მოიგო. ამასთან, თუ მსოფლიოს ჩემპიონატსაც გავითვალისწინებთ, ქართველ ქალ მოჭადრაკეებს გუნდურ პირველობებში უკვე ზედიზედ 15 მოგებული შეხვედრა დაუგროვდა.