ფეხბურთი

21:16 | 25.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილს "აიაქსთან" და ერედივიზიონში გატანა ტრადიციად ექცა (+VIDEO)

ვალერი ყაზაიშვილს ამსტერდამის “აიაქსის” კარში გოლი ზედიზედ სამი წელია გააქვს. თუ წინა ორ შემთხვევაში “ვიტესი” ჰოლანდიური გრანდის ძლევას ახერხებდა, ამჯერად არნემელებმა იგივეს გაკეთება ვერ მოახერხეს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი, 54-ე წუთზე ვაკომ შორეული დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა (VIDEO). თუმცა, დარჩენილ დროში სტუმრებმა სამჯერ გაიტანეს და შეხვედრაც 3:1 მოიგეს. ყაზაიშვილმა ერედივიზიონში მიჯრით მესამე ტურში გაიტანა. ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, ისევე, როგორც მასპინძელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ. “ვიტესს” 10 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა.

საფრანგეთის ლიგა 1-ში ჯაბა კანკავას გარეშე ითამაშა “რეიმსმა” და საკუთარ მოედანზე “მონაკოსთან” 0:1 დამარცხდა. ჯაბას ტრავმა აქვს მისი უთამაშებლობის მიზეზიც ეს გახლავთ. “რეიმსი” კი 15 ქულით მეთერთმეტეა.

გერმანიის II ბუნდესლიგაში შინ “ნიურნბერგთან” 0:0 ითამაშა გიორგი ჭანტურიასა და ლაშა დვალის “დუისბურგმა”. “ზებრების” შემადგენლობაში შეუცვლელად იასპარეზა ჭანტურიამ, ხოლო დვალი სათადარიგო სკამზე დარჩა. “დუისბურგს” 6 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგაში კვლავ არ გამოჩენილა ჯანო ანანიძე, რომელიც ტრავმირებულია. მის გარეშე კი “სპარტაკმა” მოსკოვურ დერბიში “დინამოს” 3:2 მოუგო.

ყაზანის “რუბინი” კი “კრასნოდართან” გასვლაზე 1:2 დამარცხდა. სტუმართა რიგებში ტრადიციულად 90 წუთი გაისარჯა სოლომონ კვირკველია. “სპარტაკი” 13 ტურის შემდეგ 23 ქულით მეოთხეა, ხოლო “რუბინს” 10 ქულა აქვს და მე-12 პოზიციას იკავებს.

საბერძნეთის სუპერლიგაში ამჯერად არ ათამაშეს გიორგი მერებაშვილი. ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი სათადარიგოებს შორის დაჰყო. მისმა “ვერიამ” კი სტუმრად “პანიონისთან” 1:0 მოიგო. გიორგის გუნდს 11 ქულა მოუპოვებია და მერვე პოზიციაზეა.

თურქეთის პირველ ლიგაში ალექსანდრე ამისულაშვილის “კარშიაკამ” “ელაზგისფორს” 2:0 მოუგო. ვეტერანი ქართველი მცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და არ შეუცვლიათ. “კარშიაკას” 9 ტურში ამდენივე ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა.

0.118527