ქართულმა საჭადრაკო კლუბმა “ნონამ” მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფალურად მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულმა კლუბმა ტურნირზე, რომელსაც 12 მონაწილე ჰყავდა, შვიდივე მატჩი მოიგო და ქულათა მაქსიმუმი (14) მოაგროვა.
დასკვნით ტურში “ნონამ” ბელარუსის წარმომადგენელი “ბოსა ნოვა” 3:1 დაამარცხა. ბელა ხოტენაშვილმა (2502) და ლელა ჯავახიშვილმა (2463), შესაბამისად, ნატალია პოპოვა (2257) და ეკატერინა ბოგდანი (2064) დაჯაბნეს, ნანა ძაგნიძე (2573) და მირანდა მიქაძე (2245) კი ლანიტა სტეცკოს (2278) და მარია კალიაძიჩს (2096) დაუზავდნენ.
მანამდე, ქართველმა მოჭადრაკეებმა იტალიის, რუსეთის (3), მაკედონიისა და ჰოლანდიის კლუბები დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ადგილი მაკედონიურმა “გამბიტმა” (11 ქულა) დაიკავა, მე-3 ადგილზე კი რუსეთის წარმომადგენელი “უგრა” (10) გავიდა.
აღსანიშნავია, რომ “ნონა” ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ ჩვენმა “ოქროს” გუნდმა ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე მოგებულ შეხვედრებსაც გავითვალისწინებთ.
“ნონა” ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით თამაშობდა – ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და მირანდა მიქაძე (მწვრთნელი – დავით ჯოჯუა, კაპიტანი – მარიკა ჯაფარიძე).
ევროპის ჩემპიონები თბილისში სტამბული-თბილისის რეისით დღეს 17:20 საათზე ჩამოფრინდებიან.