ფეხბურთი

0:14 | 25.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

საიუბილეო კოპა ამერიკა აშშ-ი გაიმართება

კოპა ამერიკის საიუბილეო 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გათამაშება ამერიკის შეერთებულ შტატებში 2016 წელს გაიმართება. ინფორმაციას აშშ-ს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. ისტორიაში პირველად კოპა ამერიკის თასის გათამაშება სამხრეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ ჩატარდება.

აშშ ფიფას კორუფციული სკანდალის გამო ტურნირის ჩატარებაზე უარის თქმას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ შეერთებულმა შტატებმა 2016 წლის გათამაშებას ბოიკოტი არ გამოუცხადა.

ტურნირში მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს. კონმებოლს (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია) არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე (მოქმედი ჩემპიონი), კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, პერუ, ურუგვაი და ვენესუელა წარმოადგენენ.

კონკაკაფის (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის და კარიბის ფეხბურთის კონფედერაცია) წევრი ქვეყნებიდან ტურნირზე მასპინძელი გუნდი და მექსიკა პირდაპირი გზით მოხვდნენ. აშშ-ში კოსტა რიკა ცენტრალური ამერიკის 2014 წლის თასის მფლობელის რანგში იასპარეზებს, ხოლო იამაიკამ საგზური 2014 წელს კარიბის თასის მოგებით გაინაღდა.

დარჩენილი ორი გუნდის ვინაობა აღნიშნული ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში გაირკვევა. პანამა კუბას დაუპირისპირდება, ხოლო ტრინიდადი და ტობაგო – ჰაიტის.

2016 წლის საიუბილეო ჩემპიონატი 3 ივნისს დაიწყება და 26 ივნისამდე გასტანს.

0.108645