ფეხბურთი

12:51 | 24.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი პირველად ძირითადში, ვაწაძის მარცხი და ყენიას დაბრუნება

გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის “ვერდერის” სარეზერვო გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. ასეთი რამ კი 20 წლის ქართველისთვის “მუსიკოსთა” რიგებში (ოფიციალურ მატჩებში) პირველია. გიორგიმ მოედანზე 64 წუთი გაატარა და შემდეგ შეცვალეს. გათამაშების აუტსაიდერმა “ვერდერმა” კი ერთ-ერთ ლიდერ ერსგებირგეს “აუეს” 4:0 მოუგო. პაპუნაშვილის გუნდს 12 ქულა აქვს და 14 ტურის შემდეგ მეოცე პოზიციაზეა.

თითქმის ერთთვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ მინდორს დაუბრუნდა ლევან ყენია. ქართველი შემტევი “სლავიას” სასტარტო შემადგენლობაში იყო და თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შეცვალეს. პრაღელებმა კი სახლში ოლომოუცის “სიგმასთან” მოულოდნელად წააგეს – 0:2. “სლავიას” 11 ტურში 16 ქულა მოუპოვებია და სატურნირო ცხრილში მეხუთეა.

დანიის სუპერლიგის მე-13 ტურში წარუმატებელი დღე ჰქონდა მათე ვაწაძეს. ქართველმა ფეხბურთელმა წინა ტურისგან განსხვავებით ამჯერად თავის გამოჩენა ვერ შეძლო, ხოლო მისი “ორჰუსი” სტუმრად “ჰობროსთან” (1:3) დამარცხდა. ვაწაძე ტრადიციულად სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა, მაგრამ 54-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:3 გახლდათ, ადგილი იესპერ ლანგეს დაუთმო. “ორჰუსის” კიდევ ერთი ქართველი წევრი დავით სხორტლაძე განაცხადში ვერ მოხვდა. ვაწაძის კლუბს 13 თამაშში 16 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა.

ისევ არ ათამაშებენ თორნიკე ოქრიაშვილს, რომელმაც 90 წუთი ამჯერადაც სათადარიგო სკამზე გაატარა. “გენკი” კი მის გარეშე საკუთარ მოედანზე “მუსკრონთან” 0:4 განადგურდა. “ოქრის” თანაგუნდელები 20 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ.

ოქრიაშვილის მსგავსად სათამაშო პრაქტიკას მონატრებულია გიორგი ლორიაც. ქართველი მეკარე “კრილია სოვეტოვში” ევგენი კონიუხოვის დუბლიორია. “ოლიმპიაკოსოს” ყოფილი კარის დარაჯი ამჯერადაც სათადარიგო იყო. “კრილია” კი სტუმრად “უფასთან” დამარცხდა (0:1). ამ გუნდს რუსეთის პრემიერლიგაში 13 ტურში 15 ქულა დაუგროვდა და მეათე ადგილზეა.

თურქეთის სუპერლიგაში არ გამოჩენილა ნიკა ძალამიძე, ის ამჯერზე “რიზესფორის” 18 კაციან განაცხადში ვერ მოხვდა, ხოლო მისი გუნდი შინ “ბელედიესფორთან” (0:2) დამარცხდა. “რიზესფორს” 10 ქულა აქვს და შესაბამისი ადგილი უკავია.

0.12955