ბლოგი

22:11 | 23.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხერარდო მარტინო წარსულის გადმონაშთია!

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ-ორ მატჩში ნამდვილად ითამაშა ის ფეხბურთი, რამაც ყველა ალაპარაკა, მაგრამ დადებითი ნაკლებად იყო ამ საუბრებში. ერთი მარცხი და ერთი ფრე გარდა იმისა, რომ მხოლოდ კინკილა ქულას ნიშნავს, ასევე ნიშნავს იმასაც, რომ საშინაო მატჩში არცთუ ძლიერ ეკვადორთან ქულის ვერამღებ გუნდში აუცილებელი რეფორმებია გასატარებელი და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.

ხერარდო დანიელ მარტინოს სამწვრთელოს პრაქტიკაზე და გამოცდილებაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა მაინც უნდა ვთქვათ ის, რომ მარტინოს “ალბისელესტეში” მოსვლა ალბათ მაინც მისი “ბარსელონური” წარსულით იყო განპირობებული და კატალონიურ კლუბში მოღვაწეობა დღეს სამწუხაროდ ეჭვმიუტანელ ნიჭიერებას და ყოვლისმცოდნეობას ნიშნავს. არადა ურიგო არ იქნება ის დროც გავიხსენოთ, როდესაც მარტინო სხვადასხვა დროს ორ პარაგვაულ კლუბს, ბოლოს კი საერთოდ პარაგვაის საფეხბურთო ნაკრებს ხელმძღვანელობდა./

აი რას წერს ერთ-ერთი ლათინოამერიკული საფეხბურთო გამოცემა ხერარდო მარტინოს, როგორც მწვრთნელის ფენომენზე: ”მარტინოს გაწვრთნილი პარაგვაის ნაკრები ძალიან გავს 80-იანი წლების არგენტინის ნაკრებს, რომელიც 2-3 ძირითად ლიდერზეა აშენებული და სწორედ ეს ადამაანები წყვეტენ ყველაფერს. პარაგვაის ნაკრებში ასეთი მიდგომები ჩვენ ვხედავთ რომ ამართლებს, რადგან ამ გუნდს სწორედ 2-3 გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს. მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუკი მარტინოს ვარსკვლავებით სავსე გუნდს ჩავაბარებთ? ყველაზე საინტერესოც სწორედ ესაა...”.

ვარსკვლავთმრავლობა არც “ბარსელონას” დაეწუნებოდა და არგენტინის ნაკრები ხომ საერთო შეფასებით მსოფლიოში პოტენციალით ყველაზე ძლიერი გუნდია, მაგრამ მარტინო ჩვენს მიერ მოყვანილი ციტატისა არ იყოს, დარჩა იქ სადაც დარჩა და მისი გაწვრთნილი არგენტინის ნაკრების ძველმოდურობაზე და დრომოჭმულ ფეხბურთზე უკვე ადრე მარტინოს მაქებარი ადამიანებიც კი საუბრობენ.

ერთობ საინტერესო იყო ჩილეში, კოპა ამერიკის ფინალში ადგილობრივ ჩილეს ნაკრებთან მაცხის მიზეზების ხერარდო მარტინოსეული განჯა და დასახელება. არგენტინის ნაკრების მწვრთნელი მაშინ იძახდა, რომ იმ დანავსულ ფინალში “ალბისელესტეს” მარცხი მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის ბრალი იყო და რაკი ეს ფეხბურთია, ფეხბურთს შემთხვევითობები და უცნაურობები ყოველთვის ახასიათებს. ამას ამბობდა იმ გუნდის მწვრთელი, რომელიც ჩილესზე ადრე დაიღალა, ჩილეზე ადრე დაიწყო საყაიმო შედეგის შენარჩუნებაზე ფიქრი და ბოლოს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ შეხვედრის დამატებით დროში ”სუნთქვაგახსნილ” ჩილელებთან თამაშის დროს ფავორიტად სახელდებული არგენტინელები მხოლოდ ბურთის შორს მოგერიებასღა ახერხებდნენ და საბოლოოდ ეგეც ვერ შეძლეს.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ხერარდო მარტინო არ არის იმ დონის მწვრთნელი, როგორიც არგენტინის საფეხბურთო ნაკრებს უნდა ედგეს სათავეში და სანამ არგენტინული ფეხბურთის ოდიოზური ხელმძღვანელები ამას მიხვდებიან, ეს “ლურ-თეთრების” ქომაგებმა დიდი ხანია გაიგეს და სამართლიანად ითხოვენ მარტინოს თანამდებობიდან წასვლას.

მარტინომ შეიძლება ისიც კი მოიშველიოს “არგუმენტად”, რომ ტრავმირებული ლეო მესის გარეშე არგენტინის ნაკრები ბოლო მატჩებში საკუთარ თავს არ გავდაო. მაგრამ ეს იქნება ის სამარცხვინო სიტყვები, რომელსაც გამართლება უბრალოდ არ იქნება. ეკვადორის ნაკრებთან (მიუხედავად ამ ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩემი დიდი სიმპათიისა) სახლში არგენტინა არათუ ლეო მესის გარეშე, ალბათ მთლიანად მეორე შემადგენლობითაც არ უნდა აგებდეს.

და ბოლოს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს “ბარსელონას” და ყველაფერი ამ კლუბთან დაკავშირებულის უაზრო გაფეტიშება. ფეხბურთს მსოფლიოში “ბარსელონას” გარეშეც მშვენივრად თამაშობენ და მომავალშიც ითამაშებენ. ხერარდო მარტინო კი უბრალოდ წარსულის გადმონაშთია!

0.159748