საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა აბუ დაბიში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. 55 კილოგრამში მოჭიდავე ირაკლი კუპატაძემ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ირაკლი ცირეკიძისა და მინდია ბოდაველის გაწვრთნილი გუნდის უმსუბუქესმა წევრმა უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან – ყაზახ მაგჟან შამშადინთან წაგებით. იქამდე კუპატაძემ ბელგიელი ვლადისლავ ლიმი, ტუნისელი მოჰამედ ამინე აირი და იტალიელი ანდრეა კარლინო ჩამოიშორა. "ბრინჯაოს ფინალში” კი რუსეთის სახელით მოჭიდავე იაგო აბულაძეს მოუგო.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიმონო თორნიკე ნაგლიაშვილმა მოირგო და პირველ წრეში ბულგარელ ბოჟიდარ ტემელკოვს იპონით სძლია. შემდეგ კი მონღოლ ცოგტბაატარ ცენდოჩირთან წააგო და ჩემპიონატს გამოეთიშა. ცენდოჩირი ფინალამდე ვერავინ შეაჩერა. საჩემპიონო ბრძოლაში კი იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან დამარცხდა.
დღესვე მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გოგონათა ორ უმსუბუქეს წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ. 44 კილოგრამში ოქროს მედალს ჰიეკიეონგ ლი დაეუფლა, ხოლო 48 კილოგრამში – იაპონელი ფუნა ტონაკი.
ხვალ ტატამები 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე ვაჟებს და 52 და 57 კილოგრამებში მოჭიდავე გოგონებს დაეთმობათ. საქართველოს დროშის ქვეშ გიორგი გუგულაშვილი (66 კგ), თამაზ კირაკოზაშვილი, გიორგი კაციაშვილი (ორივე 73 კგ) და მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) იჭიდავებენ.
ძიუდო
მსოფლიოს ჩემპიონატი
ახალგაზრდები
აბუ დაბი
23 ოქტომბერი
ვაჟები
55 კგ
1 მაგჟან შამშადინი (ყაზახეთი)
2 ჰარიმ ლი (სამხრეთ კორეა)
3 ირაკლი კუპატაძე (საქართველო)
3 ამარტუვშინ ბაიარაა (მონღოლეთი)
60 კგ
1 რიუიუ ნაგაიამა (იაპონია)
2 ცოგტბაატარ ცენდოჩირი (მონღოლეთი)
3 ვალიდ ხიარი (საფრანგეთი)
3 ჩანიონგ კიმი (სამხრეთ კორეა)
გოგონები
44 კგ
1 ჰიეკიეონგ ლი (სამხრეთ კორეა)
2 რიკო იგარაში (იაპონია)
3 ნარანცეცეგ განბაატარი (მონღოლეთი)
3 რიტა რეისი (ბრაზილია)
48 კგ
1 ფუნა ტონაკი (იაპონია)
2 მარუს შტანგარი (სლოვენია)
3 სეფორა კორჩერი (საფრანგეთი)
3 მიკოტო ცუნემი (იაპონია)