ფეხბურთი

22:59 | 23.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ესტადიო ბალაიდოსზე” წაუგებელი გუნდები ითამაშებენ, “ვისენტე კალდერონზე” პრინციპული ჯახი შედგება

ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში ორი გამორჩეული შეხვედრა გაიმართება. შაბათს “ესტადიო ბალაიდოსზე” ორი წაუგებელი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს, ადგილობრივი “სელტა” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს, ხოლო კვირას მეორე მადრიდული კლუბი “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე პრინციპულ მეტოქეს “ვალენსიას” მიიღებს.

ტური დღეს გაიხსნება. “რაიო ვალეკანო” “ესტადიო ვალეკასზე” “ესპანიოლს” დაუპირისპირდება.

შაბათი

18:00 სელტა – რეალი

ამ მომენტისთვის ლა ლიგაში სამხელისუფლებიანობაა, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით პირველ საფეხურზე “რეალი” იმყოფება, ხოლო მეორე პოზიციას სენსაციურად “სელტა” იკავებს, რომელსაც რვა ტურის შემდეგ წაგება არ აქვს, ისევე როგორც მადრიდულ გრანდს.

აღნიშნულ შეხვედრას უკეთესად მომზადებული გალისიური კლუბი ხვდება, რადგანაც მათ მთელი კვირა ჰქონდათ მატჩისთვის, ხოლო “რეალმა” ოთხშაბათს პარიზში ძალიან მძიმე მატჩი ჩაატარა “პარის სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ და შესაძლოა, ამან სტუმრებზე სერიოზულად იმოქმედოს.

მასპინძლებს ტრავმების გამო დრაზიჩი, ფონტასი და რუბენ ფრანკო არ ეყოლებათ, ხოლო სტუმრებს კარვახალი, ბენზემა, პეპე და ხამესი აკლიათ. ასევე საეჭვოა მატეო კოვაჩიჩის თამაში.

სავარაუდო შემადგენლობები

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტასი, კაბრალი, ხონი, მალიო, ვასი, ა.ფერნანდესი, პ.ერნანდესი, ნოლიტო, ორელიანა, ასპასი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

რეალი (4-2-3-1): ნავასი, ვარანე, რამოსი, მარსელო, დანილო, კროოსი, მოდრიჩი, კასემირო, ბეილი, ხესე, რონალდუ.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

მსაჯი: კლოს გომესი

აღნიშნული შეხვერის დასრულების შემდგომ “ლოს კარმენესზე” ანდალუსიური დერბი შედგება, ბოლო ადგილოსანი “გრანადა” შინ “ბეტისს” მიიღებს. შემდეგ ცუდ ფორმაში მყოფი “სევილია” “ხეტაფეს” უმასპინძლებს, ხოლო დღის ბოლო მატჩი “ლა როსალედაზე” შედგება, სადაც “მალაგა” ლა კორუნიის “დეპორტივოს” დაუპირისპირდება.

კვირა

21:15 ბარსელონა – ეიბარი

ბელარუსში “ბატესთან” მარტივი გამარჯვების შემდეგ, კატალონიურ გრანდს წესით კიდევ ერთი იოლი შეხვედრა ელის. “ბლაუგრანა” შინ “ეიბარს” დაუპირისპირდება და სავარაუდოდ, ხოსე ლუის მენდილიბარის შეგირდები მიმდინარე სეზონში მეორე მარცხს იწვნენენ.

კატალონიელები “ბატესთან” მოგებულ მატჩში კიდევ ერთი მოთამაშე დაუშავდათ, სერხი რობერტომ პირველ ნახევარში მიიღო დაზიანება და “ბარსელონას” მორიგი პრობლემა დაემატა. მის გარდა, ინიესტა, ვერმაელენი, რაფინია და მესი არიან ტრავმირებულნი.

რაც შეეხება ბასკთა დანაკლისს, ხაიმე და ლუნა არიან დაშავებულნი.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მატიე, პიკე, ალვეში, ალბა, მასკერანო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ნეიმარი, ლ.სუარესი, რამირესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, რამისი, მ.დოს სანტოსი, ხუნსა, კაპა, დ.გარსია, ესკალანტე, ბერხონი, ადრიანი, ინუი, ბასტონი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდელიბარი

მსაჯი: დელ სერო გრანდე

23:30 ატლეტიკო - ვალენსია

ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე” შედგება, სადაც მადრიდის “ატლეტიკო” არადამაჯერებლად მოთამაშე “ვალენსიას” დაუპირისპირდება.

შუა კვირაში კლუბებმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს. მადრიდელებმა “ასტანა” ძალიან იოლად დაამარცხეს, ხოლო ვალენსიელებს “გენტის” ძლევა ძალიან გაუჭირდათ.

მოახლოებულ მატჩს “როხიბლანკო” უკეთეს ფორმაში ხვდება, რაც სატურნირო ცხრილშიც აისახება. მადრიდელები მეტოქეზე 4 საფეხურით წინ იმყოფებიან და ამდენივე ქულით უსწრებენ.

მასპინძელთა რიგებში საეჭვო ვიეტოს თამაშია, ხოლო სტუმრებს ენცო პერესი, აბდენური, რაიანი და ალვეში არ ეყოლებათ.

გასულ სეზონში “ვისენტე კალდერონზე” ამ კლუბების დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო “მესტალიაზე” “ღამურებმა” იმარჯვეს (3:1).

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ხუანფრანი, ლუისი, ტიაგო, გაბი, კოკე, კორეა, გრიზმანი, ფ.ტორესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ვალენსია (4-2-3-1): დომენეში, სანტოსი, მუსტაფი, კანსელო, გაია, ფუეგო, პარეხო, გომეში, ფეგული, ბაკალი, ნეგრედო.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

კვირის გახსნითი შეხვედრა “სიუდად დე ვალენსიაზე” გაიმართება, “ლევანტე” სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადს” მიიღებს, ხოლო შემდეგ “ლას პალმასი” “ვილიარეალს” დაუპირისპირდება.

ტური ორშაბათს “სან მამესზე” დასრულდება, სადაც “ბილბაო” “ხიხონს” უმასპინძლებს.

0.126759