დღეიდან ხუთი დღის განმავლობაში არაბეთის გაერთიანებული საემიროები ძიუდოში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. აბუ დაბის ტატამზე 82 ქვეყნის ნაკრების წევრები გავლენ. საქართველოს ვაჟთა ნაკრების მწვრთნელებმა მინდია ბოდაველმა და ირაკლი ცირეკიძემ მონაწილეთათვის გამოყოფილი ქვოტა მაქსიმალურად გამოიყენეს და სეზონის უმთავრესი შეჯიბრების განაცხადში 10 შეგირდი შეიყვანეს. გია თენაძის გაწვრთნილი გუნდი კი ჩემპიონატში ერთადერთი სპორტსმენით – 18 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონ მარიამ ჯანაშვილით ჩაებმება.
აბუ დაბის ქართული სია ერთი თვის წინ ავსტრიის ქალაქ ობერვარტში გამართული ევროპირველობისგან განსხვავებით რვავე წონით კატეგორიაში შეივსო. თუ მაშინ მწვრთნელებმა 100 კილოგრამი თავისუფალი დატოვეს, ამჯერად შემადგენლობას ჯაბა მუმლაძე დაამატეს 90 კილოგრამში მოჭიდავე დავით რამაზაშვილის ნაცვლად. შესაბამისად, თუ ევროკონკურენციაში საქართველოს სამ წონაში ჰყავდა ორ-ორი მონაწილე, აბუ დაბიში მხოლოდ 73 და 81 კილოგრამებში ეყოლება.
მსოფლიო პირველობის პირველი ოთხი დღე ინდივიდუალურ ჩემპიონატს დაეთმობა. ბოლოს კი მედლები გუნდურშიც გათამაშდება.
დღეს ტატამზე 55 და 60 კილოგრამებში მოჭიდავე ვაჟები და 44 და 48 კილოგრამებში მოჭიდავე გოგონები გავლენ. საქართველოს დროშის ქვეშ ირაკლი კუპატაძე (55 კგ) და თორნიკე ნაგლიაშვილი (60 კგ) იჭიდავებენ.
საქართველოს ნაკრები
ვაჟები
55კგ - ირაკლი კუპატაძე
60კგ - თორნიკე ნაგლიაშვილი
66კგ - გიორგი გუგულაშვილი
73კგ - გიორგი კაციაშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი
81კგ - ლევან გუგავა და კობა მჭედლიშვილი
90კგ - ბექა ღვინიაშვილი
100კგ - ჯაბა მუმლაძე
+100კგ - გურამ თუშიშვილი
გოგონები
-52კგ - მარიამ ჯანაშვილი