კალათბურთი

13:28 | 22.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას ორმაგი დუბლი და სუპერტყორცნა

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიქსმა” მორიგი წინასასეზონო მატჩი ჩაატარა და შინაურ კედლებში “ფინიქს სანზთან” 87:99 დამარცხდა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი კი 10 ქულით და 12 მოხსნით (5 შეტევაში) მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, 20 წუთი ითამაშა, 5-დან 3 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 პასი და 1 ჩაჭრაც მიითვალა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ფაჩულიამ პირველი მეოთხედის ბოლო წამებზე გაიბრწყინა, როდესაც ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა და საშუალო დისტანციიდან ტრიალში ურთულესი ორქულიანი ჩააგდო, იმ დროს, როდესაც ერთბაშად 3 მეტოქე აფარებდა. საინტერესოა, რომ ამ ეპიზოდში თამაშის კომენტატორმა ზაზა ლარი ბერდს შეადარა (VIDEO).

ამ ტყორცნის წყალობით, “მავერიქსმა” პირველი მეოთხედი 31:20 მოიგო, ხოლო ტაიმი 13-ქულიანი უპირატესობით დაასრულა. აი, შესვენების შემდეგ კი, სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა და მათ დამაჯერებლად იმარჯვეს.

ისიც სათქმელია, რომ გასულ თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ ტეხასელთა ლიდერებს – დირკ ნოვიცკის, დერონ უილიამსს, სამუელ დალემბერტს, ჯავალ მაკგის, ჩანდლერ პერსონს, ჩარლი ვილანუევას...

“მავერიქსს” მოსამზადებელ პერიოდში 9-ვე მატჩი წაგებული აქვს, შემდეგ შეხვედრას კი 24 ოქტომბერს “ჩიკაგო ბულზის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.118532