სხვა

1:57 | 21.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ღირსეული მარცხი ფავორიტთან

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ლიგის გათამაშებაში ჩაება და შოლნოკში პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად მიჩნეულ უნგრეთთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა – 10:17.

იმის უკეთ გასაგებად, უნგრელებს წყალბურთში რა ტრადიციები აქვთ, მცირე სტატისტიკას მოვიყვანთ. ამ ქვეყნის ვაჟთა ნაკრები გახლავთ 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი, 12-გზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ლიგის 2-გზის გამარჯვებული და მსოფლიოს თასის 3-გზის გამარჯვებული.

სწორედ ამ ნაკრებთან ქართველმა წყალბურთელებმა პირველი ტაიმი 4:10 წააგეს, მე-2 ნახევარში კი მეტოქეს არაფერი დაუთმეს და საბოლოოდ, მხოლოდ 7 ბურთის სხვაობით დამარცხდნენ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებიდან დუბლის შესერულება მიხეილ ბაღათურიამ, მარკო ელეზმა და მარკო ელაჩამ მოახერხეს, ხოლო თითოჯერ თავი ანდრია ბითაძემ, ზურაბ რურუამ, გიორგი ხვედელიანმა და დამირ ცრეპულიამ გამოიჩინეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ევროპელთაგან 12 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც სამ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში უნგრეთს, რუმინეთსა და საბერძნეთს გაუწევს მეტოქეობას. პაექრობები გაიმართება ორ წრედ შინ და გარეთ თამაშის პრინციპით. B ჯგუფში ითამაშებენ სერბეთი, ჩერნოგორია, ესპანეთი და საფრანგეთი, ხოლო C ჯგუფში ხორვატია, იტალია, რუსეთი და თურქეთი.

მეორე ტურის პაექრობები 17 ნოემბერსაა დაგეგმილი და ქართველი წყალბურთელები სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, რომელმაც გუშინვე რუმინეთი 17:3 გაანადგურა. 1 დეკემბერს ქართველები რუმინეთს დაუხვდებიან, განმეორებითი მატჩები კი 2016 წელს გახლავთ დაგეგმილი.

წყალბურთის მსოფლიო ლიგა. პირველი ტური

A ჯგუფი

უნგრეთი – საქართველო 17:10 (5:2, 5:2, 4:4, 3:2)

საქართველო: მიხეილ ბაღათურია-2, მარკო ელეზი-2, მარკო ელაჩა-2, ანდრია ბითაძე-1, ზურაბ რურუა-1, გიორგი ხვედელიანი-1, დამირ ცრეპულია-1.

საბერძნეთი – რუმინეთი 17:3 (3:0, 5:3, 5:0, 4:0)

B ჯგუფი

ჩერნოგორია – ესპანეთი 11:6 (4:1, 1:2, 2:1, 4:2)

სერბეთი – საფრანგეთი 12:9 (3:2, 2:5, 1:2, 6:0)

C ჯგუფი

ხორვატია – თურქეთი 19:6 (5:1, 5:2, 4:2, 5:1)

რუსეთი – იტალია 11:16 (0:4, 3:4, 5:4, 3:4)

0.111054