ფეხბურთი

14:13 | 20.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “საზოგადოებამ უნდა შეიტყოს რაში იხარჯებოდა თანხები”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სფფ-ში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და უახლოეს გეგმებზე ისაუბრა. შეიძლება ითქვას, თითქმის ყველა თემაზე იყო კითხვები.

ლევან კობიაშვილი: “მადლობა მობრძანებისთვის. მე საარჩევნო პერიოდშიც შევხვდი მედიას და ვთქვი, რომ აბსოლუტურად გახსნილი ვიქნებოდი და ყველა კითხვას გავცემდი პასუხს. ასეა და მომავალშიც ასე იქნება. 3 ოქტომბრის შემდგომ დღეებში იყო კონკრეტული კითხვები და თავს ვიკავებდი პასუხებზე, რადგან ჯერ დეტალურად უნდა ჩამეხედა საკითხებში. სფფ-ში რთული მდგომარეობაა. არჩევნებამდეც ვცდილობდით, რომ ფედერაციიდან ფინანსურ საკითხებზე მიგვეღო ინფორმაცია, მაგრამ ვერ მივიღეთ. არის დავალიანებები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთშიც. 1. ვი-თი-ბი ბანკთან 3 მილიონ ლარამდეა დავალიანება და მისი გადავადება უნდა მოვახერხოთ; 2. უეფა-სადმი დავალიანებაა, ანუ ის თანხა, რაც 2016 წელს უნდა შემოსულიყო უეფა-დან, ვეღარ შემოვა და დაიფარება ვალებში. სულ 2 მილიონ ევრომდეა ვალი და ეს თანხა აღემატება იმასა, რაც კლუბებს მოხმარდა; 3. რუსთავის აკადემია შენდებოდა და აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სამუშაოს მხოლოდ ნახევარია შესრულებული. ექვსი მოედნიდან ერთია გაკეთებული, ადმინისტრაციული შენობაც არაა დამთავრებული. ეს ყველაფერი დავალიანების გამოა შეჩერებული. სფფ-ის აკადემიის ფილიალია ზუგდიდშიც, სადაც თანხები არამიზნობრივადაა დახარჯული და ეს საკითხიც გასარკვევია. 4. გაურკვეველია ხელშეკრულებები ტელეკომპანიებთან და სხვადასხვა კომპანიებთან. ჩემთვის ამოუხსნელია, რისთვისაა საჭირო ეს კონტრაქტები, თანაც, გაფორმებულია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. წარმოიდგინეთ, ზვიად სიჭინავამ იცოდა, რომ პრეზიდენტი აღარ იქნებოდა და მაინც გააფორმა ეს ხელშეკრულებები. 5. 17-წლამდელთა ნაკრები დღეს უნგრეთში მიემგზავრება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში სათამაშოდ, ასევე უცხოეთში უწევთ გასვლა ფუტსალისა და ქალთა ნაკრებებს და ამ სამ ნაკრებს სათამაშო ფორმაც კი არ ჰქონდა. რა რესურსიც გვქონდა, გადავეცით, ბევრი ადამიანი დაგვიდგა გვერდში და განსაკუთრებული მადლობა ეკიპირების ფირმა ჟომა-ს.

- აუდიტი თუ შემოვა და თუ შეისწავლის, რაში გაიხარჯა თანხა?

- აუცილებლად. ჩვენ არცერთი პიროვნების დასჯა არ გვსურს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა შეიტყოს, რაში და რატომ არის დახარჯული თანხა, რომელიც არამიზნობრივი იყო. როგორც იცით, 18 ნოემბერს რიგგარეშე ყრილობაა დანიშნული, იქნება ცვლილებები წესდებაში და აირჩევა ახალი აღმასკომი. იგეგმება სტრუქტურული რეორგანიზაცია, ახალი მართვის სისტემა იქნება გამჭვირვალობით და გუნდურობით.

- რუსთავის აკადემიას როგორ დაასრულებთ თუ ამხელა ვალებია?

- წლის ბოლომდე გვსურს დავასრულოთ, რადგან მძიმე ტვირთად გვაწევს. აკადემიის გუნდების ბავშვები ისევ “ბასაზე” ცხოვრობენ და ვეცდებით, ახალი წლიდან მაინც გადავიყვანოთ. იცით, ეს აკადემიის გუნდები უეფას პროექტით შეიქმნა და წლეულს 2002 წელს დაბადებულთა ჯგუფი დაემატა. სამივე ასაკის გუნდი ახლა “ბასაზე” ცხოვრობს და ახალი წლიდან გადავიყვანთ, თორემ როგორც იცით, “ბასაზე” ჩვენი ნაკრებები ემზადებიან და ეს პროცესს ხელს შეუშლის.

- ალექსანდრე ჩივაძემ განაცხადა, რომ ან ვიცე-პრეზიდენტად დარჩება, ან 21-წლამდელთა ნაკრებში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რომელში. ასევე, სხვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა კონტრაქტებს თუ გადახედავთ?

- ახლა ისეთი პერიოდია, რომ 21-წლამდელებს, 19-წლამდელებს და 17-წლამდელებს შესარჩევი მატჩები ელით. ამ ეტაპზე არასწორია, მათ კონტრაქტებზე ვილაპარაკო, მაგრამ გეტყვით – წლის ბოლოს ცვლილებები აუცილებლად იქნება. კითხვები ბევრ მწვრთნელთან მაქვს.

- ვაჟა ჟვანიას გუშინდელ ნაუბარს მოუსმენდით. ის თქვენთან ერთად იმუშავებს?

- ჟვანია იყო ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარე და გადადგა. ამ ეტაპზე ჟვანიასთან არავითარი კავშირი არ გვაქვს და არც გვისაუბრია თანამშრომლობაზე, სამომავლოდ რა იქნება, ამაზე ახლა ვერანაირად ვერ გეტყვით.

- სტრუქტურის რეორგანიზაციაზე უფრო ვრცლად გვითხარით?

- 300 კაცია გაფორმებული ფედერაციაში და ძალიან ბევრი საერთოდ არ დადის სამსახურში და არც არავინ იცის, რას აკეთებენ.

პრესკონფერენციაზე საუბარი შეეხო ბათუმის სტადიონის მშენებლობასაც, რაზეც ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ეს პირველ ყოვლისა ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტი საკითხია, თუმცა ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუწყოს როგორც ბათუმში სტადიონის მშენებლობას, ასევე სხვა ქალაქებშიც.

კითხვას დაუბრუნდება თუ არა ეროვნულ ჩემპიონატს საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი”, სფფ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ყველას აქვს სურვილი ამ გუნდმა თამაში განაახლოს, თუმცა ეს აუცილებლად სამართლებრივი ნორმების დაცვით უნდა მოხდესო.

0.126015