ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურის დასკვნითი შეხვედრა “ლიბერთი სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “სუონსიმ” “სტოკი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მატჩის ერთადერთი გოლი დებიუტშივე გავიდა. მე-3 წუთზე ბოიან კრკიჩმა ეშლი უილიამსთან ორთაბრძოლაში პენალტი გამოიმუშავა, რომელიც თავად შეასრულა ზუსტად და როგორც შემდგომ გაირკვა, გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
ესპანელი ფორვარდის გოლის შემდეგ, გუნდებს ანგარიშის შესაცვლელად დიდი დრო ჰქონდათ, თუმცა ამის გაკეთება ვერ შეძლეს. მატჩში საკმაოდ ცოტა მომენტი შეიქმნა. მასპინძლებს ორჯერ შეეძლოთ გათანაბრება, პირველ შემთხვევაში ჯონჯო შელვიმ ძელს გაარტყა ბურთი, ხოლო მეორე ეპიზოდში სიგურდსონმა ოდნავ ააცილა. სტუმრებმა მეორე ბურთის გატანა მოახერხეს, თუმცა მარკო არნაუტოვიჩის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. ავსტრიელს კიდევ ერთი შანსი შეექმნა, მაგრამ ამჯერად მიზანმა უმტყუნა და შეხვედრა 0:1 დასრულდა.
“დურგლები” ცუდი სტარტის შემდეგ მშვენიერ ფორმაში შევიდნენ, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს და მე-11 ადგილამდე აღზევდნენ, ხოლო “სუონსის” 10 ქულა დარჩა და მე-14 პოზიციამდე დაქვეითდა.
სუონსი – სტოკი 0:1 (0:1)
სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, რანხელი, ნ.ტეილორი, კორკი (კი 59), შელვი, ბაროუ (სიგურდსონი 59), ა.აიუ (ედერი 80), მონტერო, გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი
სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, კამერონი, ვოლშაიდი, ჯონსონი, პიტერსი, ადამი (ვან გინკელი 70), ველანი, კრკიჩი (აირლანდი 79), არნაუტოვიჩი (აფელაი 75), შაქირი, ხოსელუ.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გოლი: კრკიჩი (4 პენ.)
გაფრთხილებები: უილიამსი, შელვი – პიტერსი, შაქირი
მსაჯი: რობერტ მედლი