ფეხბურთი

10:39 | 19.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

გულნარა გაბელია: “რთულია მაღალ დონეზე ითამაშო, როდესაც ჩემპიონატიც არ გაქვს”

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გულნარა გაბელია მიიჩნევს, რომ ნაკრების დონის ასამაღლებლად პირველ ყოვლისა ქალთა ეროვნული ჩემპიონატის გამართვაა აუცილებელი. მისი თქმით, ეროვნული გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და წაგება, ისევე როგორც გულშემატკივრებს, არც ნაკრების წევრებს სიამოვნებთ.

ყაზახური “ბიიკ კაზიგურტის” ფეხბურთელმა worldsport.ge-სთან საუბრისას გულისტკივილი გამოთქვა ქართული ქალთა ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გამო.

“პირველ ყოვლისა ნაკრების დონის ამაღლება ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებით უნდა დაიწყოს, რა თქმა უნდა, წარმატებაში დაფინანსებაც დიდ წვლილს შეიტანს. რთულია მაღალ დონეზე ითამაშო, როდესაც ჩემპიონატიც არ გაქვს. ფიზიკურადაა ძნელი, ასევე სათამაშო პრაქტიკის უქონლობა საბოლოო შედეგს გვაძლევს. არც ჩვენ გვსიამოვნებს დიდი ანგარიშით წაგება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ შედეგს მივაღწიოთ.” – განაცხადა გაბელიამ.

“ნარიონიო”, როგორც მას ყაზახურ გუნდში ეძახიან, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 24 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარება. გაბელიამ ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” პირველი რაუნდის დაპირისპირებისას თავში დარტყმა მიიღო. მართალია განმეორებით შეხვედრა ჩაატარა (ესპანელებს გოლიც გაუტანა), თუმცა ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ აქვს.

გულნარა გაბელია: “შეჯახების შემდეგ არაფერი მახსოვს. გონზე საავადმყოფოში მოვედი. შემდეგ კი ვიდეოდან ვნახე თუ რა მოხდა. ღმერთის წყალობით მძიმე ტრავმა არ აღმომაჩნდა. სამწუხაროდ, საქართველოს ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში ვერ დავეხმარები. შეჯახების შემდეგ თავის ტკივილები მაქვს და უნდა ვიმკურნალო. წარმატებას ვუსურვებს ნაკრებს, სულით და გულით მათთან ვარ.”

“ნარინიოს” გამოჯანმრთელებისთვის საკმარისი დრო აქვს. ყაზახეთში ეროვნული ჩემპიონატი მორჩა და იანვრამდე ქალაქ შიმკენტის გუნდს შესვენება ექნება. აპრილში კი ჩემპიონატი განახლდება.

1985 წლის 30 მაისს დაბადებულმა გულნარა გაბელიამ საქართველოს მოქალაქეობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიბრუნა. 2010 წელს ყაზახეთში წასვლის შემდეგ გულნარამ საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. სენაკის სოფელ ეკში დაბადებული გაბელია პატარაობაში ბურთს ბიჭების გუნდთან ერთად აგორებდა, წლების განმავლობაში კი მისი კარიერა აეწყო და ახლა ყაზახეთის ჩემპიონატის ოთხგზის (2011, 2013, 2014, 2015) საუკეთესო ბომბარდირიცაა.

“პატარაობიდან ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი, ძალიან მომწონდა თამაში. შემდეგ 2006 წელს ნორჩ დინამოში ვიყავი. შემდეგი ორი წელიწადი “ტრაბზონში” დავყავი, აგრეთვე ვიყავი ბათუმის “დინამოშიც”. 2008 წელს ომის გამო ყაზახეთში ჩემი წასვლა გადაიდო. შემდეგ კი მოვახერხე “ბიიკ კაზიგურტში” გადასვლა, ოთხგზის ბომბარდირიც გავხდი.”

ჩემპიონთა ლიგაზე უკვე მეორე სეზონია გულნარას გოლი გააქვს. გასულ სეზონში მომავალ ჩემპიონ “ფრანკფურტს” საშინაო მატში გოლი გაუტანა, მიმდინარე სეზონში კი “ბარსელონასთან” სტუმრად წაგებულ შეხვედრაში (1:4) გამოიჩინა თავი.

“მართალია პრესტიჟის გოლი გახლდათ, თუმცა მაინც სასიამოვნო იყო. რთული თამაში გამოვიდა, დაღლილები ვიყავით, რადგან ესპანეთში შეხვედრის დღეს ჩავფრინდით. “კამპ ნოუზე” ვიყავით, ყველაფერი დავათვალიერეთ და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.”

გაბელია ოქტომბრის თვეში საქართველოს ნაკრების ევროშესარჩევი ეტაპის თამაშებს ჩრდ. ირლანდიის (24) და შვეიცარიის (27) წინააღმდეგ გამოტოვებს. 2016 წლის აპრილიდან კი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები დაიწყება და იმედია გულნარა საქართველოს ქალთა ფეხბურთის წარმატებაში წვლილს შეიტანს.

0.166651