საფრანგეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის მესამე სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი კლუბების “რენისა” და “ნიცას” დაპირისპირება იწვევდა.
“ნიცამ” მორიგი შესანიშნავი მატჩი შემოგვთავაზა და მეტოქე მისსავე კედლებში უშანსოდ გაანადგურა. სტუმრებმა პირველი ნახევარი ბოდმეს გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში კიდევ სამი გოლის გატანა მოახერხეს. 53-ე წუთზე სხვაობა ორამდე ჰატემ ბენ არფამ გაზარდა, 75-ე წუთზე მაჰამანე ტრაორემ მესამე გაიტანა, ხოლო ხუთ წუთში ბენრაჰმამ გამანადგურებელი ანგარიში დააფიქსირა ტაბლოზე. მასპინძლებმა პრესტიჟის გოლის გატანა 88-ე წუთზე შეძლეს. თავი პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველმა გროსიცკიმ გამოიჩინა – 1:4.
“ნიცა” საოცარ ფორმაშია, კლოდ პუელის შეგირდებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს, ამ შეხვედრებში 17 გოლი გაიტანეს და 4 გაუშვეს. ამ მომენტისთვის “არწივებს” ლიგა 1-ში ყველაზე მეტი 24 გოლი აქვთ გატანილი. კლუბი 17 ქულით მე-5 ადგილზეა და სხვებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ნათამაშები.
კრიზისიდან გამოსვლას ვერ ახერხებს “მარსელი”, რომელმაც შინ “ლორიანს” ვერ აჯობა და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა. მასპინძლები ბაჩუაის ზუსტი პენალტით იგებდნენ, თუმცა მუკანჯუმ წონასწორობა პირველივე ნახევარში აღადგინა და მასპინძელთა დიდი მცდელობის მიუხედავად დარჩენილ დროში ანგარიში აღარ ეცვლილა – 1:1. მიჩელის კრებული 9 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს.
დღის მესამე მატჩში “ბორდო” საკუთარ მოედანზე “მონპელიეს” დაუპირისპირდა და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მარსელი – ლორიანი 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 ბაჩუაი (21 პენ.), 1:1 მუკანჯუ (37)
რენი – ნიცა 1:4 (0:1)
გოლები: 0:1 ბოდმე (14), 0:2 ბენ არფა (53), 0:3 მ.ტრაორე (75), 0:4 ბენრაჰმა (80), 1:4 გროსიცკი (88)
ბორდო – მონპელიე 0:0