საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანურ “ანდორაში” გადასვლის შემდეგ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ანდორელებმა სტუმრად “იბეროსტარ ტენერიფეს” 83:81 სძლიეს, შერმადინმა კი მოედანზე 21 წუთი გაატარა და 17 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 7 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შერმადინი შედეგიანობის მხრივ მხოლოდ თანაგუნდელ ჟოაო გომეშს ჩამორჩა, რომელმაც 27 წუთში 21 ქულა მოაგროვა.
“ანდორამ” თითო მოგება-წაგებით მე-12 ადგილზე გადაინაცვლა, ლიდერი კი ხუთია, რომელთა შორის თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩაც” იმყოფება.
ბასკებმა მე-2 გამარჯვება (82:75) “რიო ნატურალ მონბუსთან” იზეიმეს და ეს, ტრავმირებული ქართველი ფორვარდის გარეშე გააკეთეს.
შეხვედრის გმირი მასპინძელთა ამერიკელი უკანახაზელი დარიუს ადამსი გახდა, ვინც 23 ქულა ჩააგდო, ბერძენმა ცენტრმა იოანის ბურუსისმა კი 17 ქულას 13 მოხსნა წაამატა.