ძიუდოს ერთ-ერთ უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირზე - პარიზის გრან სლემზე მოჭიდავე ერთადერთმა ქართველმა მამაკაცმა ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი და 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა სპორტსმენმა საჩემპიონო გზაზე ხუთი მეტოქე ჩამოიშორა.
ფინალამდე ლიპარტელიანი ისე მივიდა, საჭიდაოდ განკუთვნილი 5 წუთი სრულად არც ერთ მოწინააღმდეგესთან არ გამოუყენებია. საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ესტონელი ალექსანდრ მარმელიუკი ორ წუთში შებოჭა. რუსეთის ნაკრების წევრ საიდ ემი ჟამბეკოვს 58 წამში შეუსრულა ეფექტური სუფთა გდება. ფრანგ აქსელ კლერჟეს ასევე ულამაზესი იპონისთვის 2 წუთი და 54 წამი აკმარა. ნახევარფინალში კი სერბი ალექსანდრ კუკოლჟი 2 წუთში შებოჭა.
გადამწყვეტ ბრძოლაში ვარლამ ლიპარტელიანი კიდევ ერთ ფრანგს – ალექსანდრე იდირს დაეჭიდა და უქულოდ ჩამთავრებული ძირითადი დროის შემდეგ, დამატებითში 45-ე წამზე ოქროს ტოლფასი იუკო შეასრულა.
ფრანგულ ტატამზე საქართველოს ქალთა ნაკრების ნატურალიზებული წევრი ესტერ სტამიც (70 კგ) გავიდა და კარგადაც დაიწყო – პირველ წრეში რუსი ალენა პროკოპენკო შებოჭა. მერვედფინალში კი ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ გერმანელ ლაურა ვარგას კოხთან უილეთო შეხვედრაში ორი გაფრთხილებით დამარცხდა.