ფეხბურთი

10:32 | 18.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა ცხადაძის მეექვსეში მესამე

შაბათს ქართველ ლეგიონერთაგან ბაჩანა ცხადაძემ გოლიგაიტანა. მისმა “ფლამურტარიმ” “ტირანასთან” 1:1 ითამაშა, ბაჩანამ 71-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში: მარჯვნიდან ჩაწოდებულს ფეხი დაახვედრა და ახლოდან შეაგდო. ცხადაძემ და გიორგი ფოფხაძემაც სრულად ითამაშეს “ფლამურტარიში”, რომელიც მეშვიდე ადგილზეა. აღვნიშნოთ, რომ ეს ცხადაძის მესამე გოლი იყო სეზონში (6 მატჩში).

საფრანგეთში “რეიმსმა” სეზონში პირველი საშინაო მარცხი იგემა, შინ 0:1 წააგო “კაენთან” და მეშვიდე ადგილზეა. ჯაბა კანკავა განაცხადში არ ყოფილა. მას დისკვალიფიკაცია არ ჰქონია, უბრალოდ, მწვრთნელმა დაასვენა, რადგან კანკავა ნაკრებში იყო წასული და ფეხბურთელი შეიძლება გადაღლილიყო.

ამავე მიზეზით, ბელგიურ “გენკში” არ უთამაშია თორნიკე ოქრიაშვილს, ხოლო მის თანაგუნდელ ლუკა ზარანდიას ვარჯიში ახალი დაწყებული აქვს. “გენკმა” “ბევერენს” სტუმრად 1:0 სძლია და მესამე პოზიციაზეა.

მინდორზე არ გამოჩენილა ლევან ყენიაც, რომელსაც კოჭის ტრავმა აწუხებს. პრარის “სლავიამ” ჩეხეთში 0:0 ითამაშა “იაბლონეცთან” და მეხუთე ადგილზეა.

ინგლისის ჩემპიონშიფში “ბრენტფორდმა” შინ 2:1 აჯობა “როტერჰემს”. მასპინძელთა შორის, 69-ე წუთიდან ითამაშა აკაკი გოგიამ. ამ დროს “ბრენტფორდს” ორივე გოლი გატანილი ჰქონდა. გოგიას გუნდი მე-19 ადგილზეა.

ნორვეგიაში “სტაბეკმა” შინ 1:4 წააგო “ალესუნდთან” და მეორე ადგილზე დარჩა, თუმცა ამ პოზიციაზე ჩემპიონატის დასრულება სათუო გაუხდა. “სტაბეკში” ბოლო 8 წუთი ითამაშა 21 წლის გიორგი გოროზიამ.

რუსეთში “რუბინი”-უფა” 3:1 დასრულდა და ყაზანელები მე-12 ადგილზე არიან. “რუბინში” შეუცვლელად გაისარჯა სოლომონ კვირკველია.

კვიპროსზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა ლიმასოლის აელ-ი 6:0 გაანადგურა და კვლავაც ლიდერია. სხვათა შორის, ჰეთ-თრიქი შეასრულა 32 წლის არგენტინელმა ფერნანდო კავენაგიმ, რომელსაც თავის დროზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, “ახალ მარადონასაც” ეძახდნენ, მაგრამ მაინცდამაინც ვერ გაამრთლა ავანსები.

0.104205