კალათბურთი

20:36 | 17.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუბა ბერიშვილის “მგზავრული”

დღეს სტარტი აიღო საქართველოს საკალათბურთო საიუბილეო, XXV ჩემპიონატმა. წლეულს ეროვნული პირველობა 4 წრედ ჩატარდება, რაც მაყურებლისთვისაც კარგია და კალათბურთელებისთვისაც – გულშემატკივრებს მეტი საინტერესო ასპარეზობის ხილვა მოუწევთ, მოთამაშეებს კი თავის გამოჩენის მეტი ასპარეზი მიეცემათ.

მიმდინარე სეზონის წინ ქართული საკალათბურთო სუპერლიგის გუნდებმა სახე იცვალეს, შემადგენლობების დაკომპლექტების მხრივ ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელეს და შეგვიძლია ვთქვათ, უკლებლივ ყველა კოლექტივი თავიდან დაკომპლექტდა. სამწუხაროდ, პირელობისთვის ბრძოლას ჩამოშორდა გასული სეზონის ჩემპიონი “შსს აკადემია”, რომელსაც ა ლიგის გამარჯვებული “არენა 76” შეცვლის.

სუპერლიგის სასტარტო დღის ცენტრალურად მიჩნეულმა შეხვედრამ სტატუსი სრულად გაამართლა. საქართველოს ჩემპიონატის საზომით მაღალი კლასის მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა “ქუთაისმა” და წინა ჩემპიონატის მეხუთეადგილოსანმა “მგზავრებმა” საინტერესო საკალათბურთო სანახაობა შესთავაზა თბილისის ახალ სპორტის სასახლეში შეკრებილ აუდიტორიას.

თბილისელთა შემადგენლობაში ითამაშეს ავთანდილ ლომინაშვილმა, ლევან გრძელიძემ და გიორგი ცირეკიძემ, რომლებიც უწინ რიონისპირელთა ღირსებას იცავდნენ. ამ ტრიომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სასტარტო გამარჯვებაში, მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის კომპანია „პრაიმ სპორტ მენეჯმენტის“ მიერ დაწესებული პრიზი (NIKE-ის ფირმის სპორტული ფეხსაცმელი გადაეცა) კი ჟიურის გადაწყვეტილებით „მგზავრების“ ფორვარდ კახა ჭინჭარაძეს, რომელიც აღნიშნული პრიზით კომპანიის პრეზიდენტმა ზურაბ ბოქოლიშვილმა დააჯილდოვა.

უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა „მგზავრებმა“ ბოლომდე იბრძოლეს და მიუხედავად იმისა, რომ ასპარეზობის მსვლელობისას უმეტესწილად აგებდნენ, მნიშვნელოვან სასტარტო გამარჯვებას მიაღწიეს. თბილისელებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს, ამასთან გუნდს აშკარად მწვრთნელის ხელი - მოთამაშეებს არსენალში სხვადასხვა დამუშავებული კომბინაცია აქვთ და რომ არა რამდენიმე ხელსაყრელ სიტუაციაში ორქულიანის ჩაგდების შანსის ხელიდან გაშვება, ვინძლო მოგებულის ვინაობა ბოლო წამებამდე ცოტათი ადრეც გარკვეულიყო. გადამწყვეტ მომენტში კი თამაში თავის თავზე „მგზავრების“ ამერიკელმა ლეგიონერმა მაიკლ ტერიმ აიღო და ლამის საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე ინდივიანდუალური გარღვევა ფარქვეშიდან ზუსტად დაასრულა - 77:75.

„ქუთაისს“ რაც შეეხება, კოტე ტუღუშის გუნდი ურიგოდ დაკომპლექტებული ნამდვილად არაა, თუმცა ბექა წივწივაძის წასვლის შემდეგ რიონისპირელებს სამატჩო განაცხადის ბოლომდე შევსების საშუალება არ აქვთ.

სასტარტო ტურის დანარჩენ 2 მატჩში ბრძოლა ნაკლებად შედგა. საქართველოს თასის მოქმედმა მფლობელმა „დინამომ“ „ბათუმს“ მეორე მეოთხედიდან მოყოლებული თვალნათლივ აჯობა, ვაჟა კვარაცხელიას „სოხუმმა“ კი საბერძნეთში შეკრებამოვლილი „რუსთავი“ უშანსოდ დატოვა. სოხუმელთა სასტარტო შემადგენლობამ (ფილიპ მილერი, გივი ბაქრაძე, მეთიუ გლოვერი, გიორგი ჯგერენაია, სერგო ათუაშვილი) თამაშის სადავეები თავიდანვე იგდო ხელთ და საწყისი პერიოდის დასრულებამდე სამნახევარი წუთით ადრე ქვემოქართლელთა ჩამორჩენა კატასტროფული გახადა - 3:26. სოხუმელები უპირატესობას ბოლომდე ფლობდნენ (მესამე პერიოდში 58:23-ს იგებდნენ), საბოლოოდ კი 80:60 იმარჯვეს. მომდევნო ტურებში გუნდს საქართველოს ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია დაემატება და „სოხუმი“ სუპერლიგის ფავორიტთა შორის თამამად შეგვიძლია მოვიხსენიოთ.

პირველი ტურის კიდევ ერთი მატჩი „ოლიმპსა“ და „არენა 76“-ს შორის გადაიდო და ჩატარების თარიღს მოგვიანებით შევიტყობთ.

მეორე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან

23 ოქტომბერი

„ბათუმი“ – „მგზავრები“

„ქუთაისი“ – „არენა“

24 ოქტომბერი

„რუსთავი“ – „დინამო“

„ოლიმპი“ – „სოხუმი“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.141438