კალათბურთი

18:34 | 17.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

სოხუმელებმა იოლად იმარჯვეს

სუპერლიგის პირველი ტურის მესამე შეხვედრაში ერთმანეთს “რუსთავი” და “სოხუმი” დაუპირისპირდა. თამაში რუსთავის საკალათბურთო დარბაზში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდა. ფავორიტად ქვემოქართლელები ითვლებოდნენ, რომლებმაც კარგი წინასასეზონო მომზადება გაიარეს და საბერძნეთში 12-დღიანი შეკრების გავლაც მოასწრეს.

პროგნოზის საპირისპიროდ, შეხვედრა ზღვისპირელთა სრული უპირატესობით დაიწყო. პირველ ტაიმში იყო მომენტი, როცა ვაჟა კვარაცხელიას შეგირდები 24:3 იგებდნენ, “სოხუმმა” მეტოქე როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაშიც დაჯაბნა. პირველი მეოთხედი 30:11 დასრულდა “სოხუმის” სასარგებლოდ. აღნიშნული უპირატესობა ზღვისპირელებმა დარჩენილ დროშიც შეინარჩუნეს და საბოლოოდ 80:60 შეძლეს მეტოქის დამარცხება. დღეს ჩატარებული შეხვედრებიდან, “სოხუმმა” ყველაზე კარგი, შეთამაშებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. მათ შორის ამერიკელი ლეგიონერები აქტიურობდნენ.

ამ შეხვედრაში 17-17 ქულით ყველაზე შედეგიანები “სოხუმის” ცენტრალური თავდამსხმელი სერგო ათუაშვილი და “რუსთავის” სერბი ლეგიონერი ნიკოლა გაჩეშა იყვნენ.

ტურის მეოთხე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს “ოლიმპი” და “შსს აკადემია” უნდა შეხვედროდნენ, ამ უკანასკნელის გამო გადაიდო, რადგან იგი დაიშალა და აღარ ფუნქციონირებს. მის ნაცვლად სუპერლიგის ახალი წევრი “არენა 76” კი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

“რუსთავი” – “სოხუმი” 60:80

(11:30, 12:15, 17:24, 20:11)

0.122465