ფეხბურთი

11:12 | 17.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლოპს რთული დებიუტი ელის

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონატი ძალიან საინტერესო მატჩით ბრუნდება. ლონდონის “ტოტენჰემი” შინ “ლივერპულს” მიიღებს, რომლის რიგებშიც დებიუტი ექნება ახალ მწვრთნელს იურგენ კლოპს.

15:45 ტოტენჰემი – ლივერპული

ლონდონური კლუბი დღევანდელ შეხვედრას მშვენიერ ფორმაში ხვდება. კლუბს პირველი ტურის შემდეგ არ წაუგია, ხოლო ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო, რომელთაგან გამოსარჩევი “მანჩესტერ სიტის” საშინაო განადგურებაა (4:1).

ლონდონელთა კარგად ათამაშება მაურისიო პოჩეტინოს დაუფასდა და გასული თვის პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. "ტოტენჰემმა" სექტემბერში სამიდან სამი მატჩის მოგება მოახერხა - "მანჩესტერ სიტისთან" (4:1), "კრისტალ პალასთან" (1:0) და "სანდერლენდთან" (1:0).

არგენტინელი სპეციალისტის მიმდინარე სეზონში გუნდმა 8 მატჩში 3 მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და როგორც აღვნიშნე, მხოლოდ ერთი წააგო. კლუბი 13 ქულით მე-8 ადგილზეა.

მასპინძლებს ტრავმების გამო მეისონი, ბენტალები, პრიტჩარდი და სონი არ ეყოლებათ, ხოლო დაიერი დისკვალიფიცირებულია.

თუ “ტოტენჰემმა” ბოლო პერიოდში მოუმატა, “ლივერპულის” შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა. მერსისაიდელებმა ჩემპიონატი კარგად დაიწყეს და პირველ სამ მატჩში 7 ქულის მოპოვება მოახერხეს. ამის შემდეგ, “წითლებს” სერიოზული ჩავარდნა დაეწყოთ და პრემიერლიგის 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს და 2 წააგეს. ამას ისიც დაემატა, რომ კლუბი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა ინგლისის თასზე და ევროპა ლიგაზე, რასაც საბოლოოდ ბრენდან როჯერსის განთავისუფლება და იურგენ კლოპის დანიშვნა მოჰყვა.

გერმანელ სპეციალისტს კლუბში უამრავი პრობლემა დახვდა, რასაც ჯო გომესისა და დენი ინგსის მძიმე ტრავმები დაემატა. მათ გარდა, დღეს ჰენდერსონი, ფლანაგანი, ფირმინო და ბენტეკე ვერ შეძლებენ თამაშს. ასე რომ, კლუბს ძალიან რთული დებიუტი ელის...

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, უოლკერი, დევისი, ელი, დემბელე, ჩადლი, ერიკსენი, ლამელა, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, სახო, შკრტელი, კლაინი, მორენო, ლეივა, ჩანი, მილნერი, კოუტინიო, ლალანა, სტარიჯი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: კრეიგ პაუსონი

18:00 ევერტონი – მანჩესტერ იუნაიტედი

ტურის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა “გუდისონ პარკზე” შედგება, სადაც ადგილობრივი “ევერტონი” მე-3 ადგილოსან “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს და წარმატებული სვლის გაგრძელებას შეეცდება.

რობერტო მარტინესის შეგირდები მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურებიან და ერთადერთი წაგება ლიდერ “მანჩესტერ სიტისთან” აქვთ, რაც ნამდვილად ეპატიებათ. “კანფეტებმა” 8 მატჩში 13 ქულის მოპოვება მოახერხეს და მე-7 საფეხურზე იმყოფებიან.

მერსისაიდელები ტრავმების გამო ბეინსს, პიენაარსა და ჰიბერტს მოისაკლისებენ.

გასული ტურის საშინელი შეხვედრა რომ არ ჩავთვალოთ (“არსენალთან” 0:3 მარცხი), “მანჩესტერ იუნაიტედი” კარგად გამოიყურება, თუმცა თამაშის ხარისხი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს.

“წითელ ეშმაკებს” შესანიშნავად მოერგო ენტონი მარტიალი, რომელიც პრემიერლიგის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე “ევერტონის” მცველმა სიმუს კოულმენმა აღნიშნა, რომ მარტიალი დეპაისთან ერთად ყველაზე სახიფათოა “იუნაიტედის” რიგებში.

ლუის ვან გაალს ტრავმების გამო მაკნაირი, იანგი და შოუ აკლია.

სავარაუდო შემადგენლობები

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, იაგიელკა, სტოუნზი, გალოვეი, კოულმენი, მაკკარტი, ბერი, ნეისმიტი, ბარკლი, დეულოფეუ, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხე, ბლინდი, სმოლინგი, დარმიანი, ჯონსი, კერიკი, შვაიშტაგერი, დეპაი, მატა, რუნი, მარტიალი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

მსაჯი: ჯონათან მოსი

18:00 ჩელსი – ასტონ ვილა

“სტემფორდ ბრიჯზე” კრიზისში მყოფი კლუბები დაუპისპირდებიან ერთმანეთს და ქულებისთვის უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდება. “ჩელსი” და “ასტონ ვილა” სატურნირო ცხრილში მეზობლად იმყოფებიან. ლონდონელები 8 ქულით მე-16 ადგილზე არიან, ხოლო ბირმინგემელები 4 ქულით მე-18 საფეხურზე იმყოფებიან.

მასპინძლებს კურტუა და ივანოვიჩი ჰყავთ ტრავმირებული, თუმცა მათ ბანაკში კარგი სიახლეცაა – დიეგო კოშტამ დისკვალიფიკაცია მოიხადა და დღეს თამაში შეეძლება.

რაც შეეხება სტუმართა დანაკლისს, ტიმ შერვუდი კლარკს, აგბონლაჰორს, გარდნერსა და ოკორეს მოისაკლისებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, კეჰილი, ტერი, ზუმა, აზპილიკუეტა, ლოფტუს-ჩეკი, ფაბრეგასი, ვილიანი, აზარი, ოსკარი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი, ლესკოტი, რიჩარდსი, ამავი, ბაკუნა, განა, ვესტვუდი, სინკლერი, გრელიში, ხილი, ჟესტედი.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

მსაჯი: როჯერ ისტი

18:00 მანჩესტერ სიტი – ბორნმუთი

გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “მანჩესტერ სიტი” დებიუტანტ “ბორნმუთს” უმასპინძლებს და დაგეგმილი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

მასპინძელთა ბანაკში ცუდი ამბებია. კლუბის მთავარმა დამრტყმელმა ძალამ სერხიო აგუერომ სანაკრებო შეკრებაზე ტრავმა მიიღო და დაახლოებით 1 თვე ვერ შეძლებს თამაშს. გარდა ამისა, ტრავმირებულნი არიან: სილვა, კლიში, დელფი და კოლაროვი, თუმცა მანუელ პელეგრინის ძალიან დიდი რესურსი აქვს და მას ყველა მოთამაშის ჩანაცვლება შეუძლია. ასე რომ, “ქალაქელებს” სამი ქულის უპირობოდ მოპოვება მართებთ.

დანაკლისი სერიოზული აქვთ სტუმრებსაც. ედი ჰაუს დღევანდელ მატჩში ტრავმების გამო მინგსის, გრადელის, უილსონის, ელპჰიკისა და არტერის იმედი არ ექნება.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, ოტამენდი, მანგალა, ზაბალეტა, სანია, ფერნანდინიო, ფერნანდო, ტურე, სტერლინგი, დე ბრუინი, ბონი.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი, დისტინი, კუკი, ფრანცისი, დანიელსი, სურმანი, გოსლინგი, პუგი, რიტჩი, კინგი, მურეი.
მწვრთნელი: ედი ჰაუ

მსაჯი: მაიკ დინი

20:30 უოტფორდი – არსენალი

პრემიერლიგის დებიუტანტი ჯერჯერობით საკმაოდ სასიამოვნო შტაბეჭდილებას ტოვებს და 8 მატჩში 2 მოგება, ამდენივე წაგება და 4 ფრე აქვს. “ლოსები” 10 ქულით მე-12 ადგილზე არიან.

კიკე სანჩეს ფლორესი საბრძოლველადაა განწყობილი და დღესაც მინიმუმ ქულის მოპოვებას გეგმავს ძლიერ მეტოქესთან. მასპინძლებს ხურადო, დოილი და ეკსტრანდი ჰყავთ ტრავმირებულნი, ხოლო ბეჰრამის თამაში საეჭვოა.

გასულ ტურში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა “არსენალმა”, რომელმაც შინ “მანჩესტერ იუნაიტედი” პირველივე ოც წუთში გაანადგურა და მე-2 ადგილამდე აღზევდა. იმ შემთხვევაში, თუ დღეს “არსენალი” იმარჯვებს, კლუბი კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “მეთოფეებს” შუა კვირაში უმძიმესი საჩემპიონთალიგო მატჩი ელით “ბაიერნთან”, რომელიც ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს. ამიტომაც, არსენ ვენგერმა შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცეს.

უილშირი, ველბეკი და როსიცკი ტრავმირებულნი არიან, ხოლო სანჩესისა და კოშელნის თამაში საეჭვოა.

სავარაუდო შემადგენლობები

უოტფორდი (4-4-2): გომეში, კეტკარტი, პროდლი, აკე, ნიომი, კაპუ, უოტსონი, აბდი, ანია, დინი, იგალო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მერტესაკერი, პაულისტა, ბელერინი, მონრეალი, კოკლენი, კასორლა, რემსი, ოზილი, ჩემბერლენი, უოლკოტი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მსაჯი: მაიკ ჯონსი

ტურის სხვა მატჩები:

17 ოქტომბერი

18:00 კრისტალ პალასი – ვესტ ჰემი
18:00 ვესტ ბრომვიჩი – სანდერლენდი

18 ოქტომბერი

19:00 ნიუკასლი – ნორვიჩი

19 ოქტომბერი

23:00 სუონსი - სტოკი

0.152171