რაგბი

18:47 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

შვიდი ნაცნობი და ერთიც უცნობი

შაბათ-კვირას რაგბის ქომაგებს ორი დაუვიწარი საღამო ელით, რომელიც ორ-ორი უმნიშვნელოვანესი თამაშით აღინიშნება. ნახევარფინალის ოთხი საგზურისთვის რვა გუნდი იბრძოლებს და აქედან შვიდი ძველი წარმატების გამეორებას ეცდება, ერთისთვის კი, მეოთხედფინალი ჯერჯერობით გადაულახავ ბარიერადაა ქცეული.

ეს ერთადერთი გუნდი ირლანდიის ნაკრებია, რომელიც კვირას არგენტინას შეხვდება. არგენტინელებმა აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2007 წელს მოახერხეს ნახევარფინალში გასვლა და მაშინ მესამე ადგილს დასჯერდნენ. კვირას თამაშობს შოტლანდიაც, რომელიც ნახევარფინალში ასევე ერთადერთხელ, ოღონდ უფრო შორეულ წარსულში, 1991 წელს გავიდა და ჯამში მეოთხე ადგილი დაიკავა. მისი მეტოქე ავსტრალია იქნება, რომელმაც მხოლოდ ორჯერ (1995 და 2007 წლებში) ვერ გადალახა მეოთხედფინალური ბარიერი. სამაგიეროდ, ის ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1991 და 1999 წლებში), 4 წლის წინ კი, მესამე ადგილი დაიკავა.

მაგრამ ამ თამაშებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ახლა ფოკუსი უახლოეს ორ დაპირისპირებაზე, შაბათის მატჩებზე შევაჩეროთ:

სამხრეთ აფრიკა VS უელსი

მეოთხედფინალური ეტაპი სამხრეთ აფრიკისა და უელსის ჯახით გაიხსნება და სპეციალისტები ფიზიკური ორთაბრძოლებით დატვირთულ, დაძაბულ შეხვედრას ელიან. სამხრეთ აფრიკა ორჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი (1995 და 2007 წლებში), მაგრამ 4 წლის წინ ნახევარფინალშიც ვერ გავიდა. უელსმა მხოლოდ ორჯერ გადალახა მეოთხედფინალური ეტაპი - პირველ (1987 წელს მესამე ადგილი დაიკავა) და ბოლო (2011 წელს მეოთხე ადგილს დასჯერდა) მსოფლიო თასზე.

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 30-ჯერ შეხვედრიან და ბრიტანელებმა მხოლოდ ორჯერ მოახერხეს გამარჯვება, ერთხელ კი, ფრეს მიაღწიეს. სამაგიეროდ, ბოლო დაპირისპირებისას გამარჯვება სწორედ “დრაკონებს” დარჩათ, რომლებმაც შარშან ნოემბერში “ბოკეს” კარდიფში 12:6 აჯობეს. ეს გუნდები ერთმანეთს მსოფლიო თასებზე ერთადერთხელ შეხვდნენ და 2011 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე აფრიკელებმა 17:16 იმარჯვეს.

უელსის ნაკრები ამ მსოფლიო თასზე განსაკუთრებით ძლიერი დაცვით გამოირჩევა. განვლილ ოთხ თამაშში, ეგრეთწოდებულ სიკვდილის ჯგუფში, უელსელებმა მხოლოდ ორი ლელო გაუშვეს. მაგრამ სამხრეთ აფრიკამ პირველ ტურში იაპონიისგან მიღებული მძიმე დარტყმის შემდეგ, საკუთარი თამაში დაალაგა და ტურნირის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად დაბრუნდა. სამხრეთ აფრიკა ამ შეხვედრაშიც ფავორიტად მიიჩნევა და ეს იმიტომ, რომ მისი შემადგენლობა იდეალურთან მაქსიმალურადაა მიახლოვებული, მაშინ, როდესაც უალსი ყოველი თამაშის შემდეგ ტრავმებით კარგავს საკუთარ ლიდერებს და ოდესღაც ეს შედეგზეც შეიძლება აისახოს.

სწორედ ამ ტრავმების გამო, უელსს შუამარბად 20 წლის თეილერ მორგანი უყენია, რომელიც მსოფლიო თასს შემორჩენილ მორაგბეებს შორის, ყველაზე ახალგაზრდაა. მეოთხედფინალური მატჩი სამხრეთ აფრიკასთან, მისთვის მხოლოდ მესამე სანაკრებო კეპის მომტანი იქნება, მაგრამ მთავარი მწვრთნელისაგან უდიდესი მხარდაჭერა აქვს და არჩევანის გაკეთების შემდეგ ვორენ გეთლანდმა ღიად განაცხადა - ეს არჩევანი ყოველგვარი დისკუსიის გარეშე გავაკეთეო. და მაინც, მორგანის გამოუცდელობიდან გამომდინარე, ალბათ სწორედ ის იქნება “ბოკეს” მორაგბეთა მთავარი სამიზნე.

სამხრეთ აფრიკელთა მხრიდან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ბრაიან ჰაბანაზე, რომელიც მსოფლიო თასზე გატანილი ლელოების რაოდენობით (15) უკვე გაუტოლდა რეკორდსმენს, ახალზელანდიელ ჯონა ლომუს და ახლა ერთპიროვნულად გალიდერებას ეცდება. სპეციალისტები ელიან ორივე გუნდის შერკინების შემკვრელების - დვეინ ფერმიულენისა და ტაულუპე ფალეტაუს დიდ დაპირისპირებას. ორივე მათგანს თავის გუნდში საკვანძო ადგილი უჭირავს ბურთით თამაშისას და ეფექტურები არიან ხაზის გაგლეჯვისას.

წინა მატჩთან შედარებით ჰეინეკე მეიერმა სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა და ლუაზი მვოვოს ნაცვლად, გარემარბად ჯეიპი პიტერსენი დააყენა, რომელმაც სამოას სამი ლელო გაუტანა. გეთლანდმა სამი მოთამაშე შეცვალა ავსტრალიასთან მარცხის შემდეგ და სასტარტო შემადგენლობაში დენ ლიდიეთი, გეთინ ჯენქინსი და თაილერ მორგანი დააბრუნა. ლიდიეთი შერკინების მესამე ხაზში სემ ვორბერტონთან და ტაულუპე ფალეტაუსთან ნაცნობ სამეულს შეადგენს, რომლებიც მსოფლიო თასზე ერთად სარეკორდო, მეშვიდე თამაშს იწყებენ.

ახალი ზელანდია VS საფრანგეთი

რვა წლის წინ, 2007 წლის მსოფლიო თასზე, საფრანგეთმა მთელი სარაგბო სამყარო შოკში ჩააგდო, როდესაც მეოთხედფინალში, კარდიფის “მილენიუმზე” “ოლ ბლექსი” 20:18 დასცა და ის ნახევარფინალს მიღმა დატოვა. რვა წლის შემდეგ, იგივე გუნდები, იმავე ადგილას, კვლავ მსოფლიო თასის ანალოგიურ ეტაპზე ხვდებიან ერთმანეთს. ზოგადად, ფრანგები ზელანდიელებისთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებიან და ეს 2011 წლის მსოფლიო თასის ფინალშიც დადასტურდა, რომელშიც მასპინძლებმა მხოლოდ 8:7 სძლიეს ევროპელებს და მეორედ შემართეს “უებ ელისის” თასი.

ჯგუფური ეტაპის თამაშების შემდეგ, სპეციალისტები სამხრეთ აფრიკაზე, ან უელსზე ახალი ზელანდიის გასვლის შანსებს მაინცდამაინც შთამბეჭდავად არ მიიჩნევენ, მაგრამ არც საფრანგეთი ბრწყინავს ფილიპ სანტ-ანდრეს ხელში. და მაინც, ფრანგების უკანა ხაზი, თუნდაც მატიო ბასტაროს გარეშე, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და თუ მათთვის კარგი დილა გათენდა, “ოლ ბლექსის” საქმე მთლად სასიკეთოდ არ წარიმართება.

ფრანგთა არსენალში მნიშვნელოვანი იარიღის როლი უნდა შეასრულოს ლუი პიკამოლმა, ოღონდ ის სახიფათოა ბურთით ხელში და არა ისე, როგორც ირლანდიასთან თამაშისას. მართალია მაშინ შერკინების შემკვრელმა 20 ბოჭვა შეასრულა, მაგრამ ეს მაინც არაა მისი ძლიერი მხარე. დიდი როლი ეკისრება გამოცდილ 9 ნომერ მორგან პარას, რომლის თამაშზეც ასევე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ირლანდიასთან მარცხის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განხორციელდა და პარას გარდა ალეკსანდრ დიუმულენი და ბერნარ ლე რუ დაწინაურდნენ. ტონგასთან ჯახის შემდეგ ახალი ზელანდიის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდნენ კაპიტანი რიჩი მაკქოუ, ტრავმირებულ ბურჯ თონი ვუდქოქს შეცვლის ვაიეთ ქროქეთი, გარემარბად ჯულიან სავეა იწყებს თამაშს ვაისაკე ნაჰოლოს ნაცვლად, ხოლო შერკინების მეორე ხაზში ლუქ რომანოს ადგილს ბროდი რეთალიქი დაიკავებს.

23-კაციანი განაცხადებიდან გამომდინარე, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თამაში მეორე ტაიმში გაიხსნება და “მილენიუმზე” შეკრებილი მაყურებელიც საინტერესო სპექტაკლს იხილავს.

აღსანიშნავია, რომ 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ფრანგებმა ზელანდიელები 2009 წელს დუბლინში 27:22 დაამარცხეს, შემდგომი რვა დაპირისპირება კი, ზელანდიელთა გამარჯვებით დასრულდა.

და ბოლოს, planetrugby-ს ვერსიით: ისტორია გვკარნახობს, რომ ფრანგების ნაადრავად ჩამოწერა არ შეიძლება, თუმცა, ფილიპ სანტ-ანდრეს ხელში ეს გუნდი ძალიან ცოტა საბაბს გვაძლევს იმისა, რომ ვიფიქროთ ახალ ზელანდიას პრობლემა შეექმნება. ერთადერთი, ისინი მედტრად დადგებიან პირველ ტაიმში, საბოლოოდ კი, ახალი ზელანდია დამაჯერებლ გამარჯვებას მოიპოვებს - სავარაუდოდ 15 ქულის სხვაობით;

ამ თამაშში მცირედი სხვაობა დაფიქსირდება. უელსელების ტრავმებისა და აფრიკელების იმპულსის გათვალისწინებით, უპირატესობას “ბოკეს” ვანიჭებთ და ისინი 7-ზე ნაკლები ქულის სხვაობით მოიგებენ.

2015 წლის მსოფლიო თასი

მეოთხედფინალები. 17 ოქტომბერი

ლონდონი. “თვიქენჰემი”. 19:00 საათი

სამხრეთ აფრიკა - უელსი

სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლე რუ, 14. ჯეიპი პიტერსენი, 13. ჯესი კრილი, 12. დამიან დე ალენდე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. ჰანდრე პოლარდი, 9. ფური დიუ პრე (კაპ.); 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დიუ პლესი, 3. ფრანს მალჰერბე, 4. იბენ ეცებეთი, 5. ლოდევეიკ დე იახერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. სხალკ ბერგერი, 8. დვეინ ფერმიულენი.

სათადარიგოები: 16. ადრიან სტრაუსი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. იანი დიუ პლესი, 19. პიტერ-სტეფ დიუ ტოი, 20. ვილემ ალბერცი; 21. რუან პინარი, 22. პეთ ლემბი, 23. იან სერფონტეინი.

უელსი: 15. გარეს ენსქომი, 14. ალექს ქასბერთი, 13. თაილერ მორგანი, 12. ჯემი რობერთსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეს დევისი; 1. გეთინ ჯენქინსი, 2. სქოთ ბოლდვინი, 3. სემსონ ლი, 4. ლუქ ჩართერისი, 5. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიეთი, 7. სემ ვორბერტონი (კაპ.), 8. ტაულუპე ფალეტაუ.

სათადარიგოები: 16. ქენ ოუენსი, 17. პოლ ჯეიმზი, 18. თომ ფრენსისი, 19. ბრედლი დევისი, 20. ჯასთინ თიპურიქი; 21. ჰლოიდ ვილიამსი, 22. რის პრისთლენდი, 23. ჯეიმზ ჰუქი.

კარდიფი. “მილენიუმი”. 23:00 საათი

ახალი ზელანდია - საფრანგეთი

ახალი ზელანდია: 15. ბენ სმითი, 14. ნეჰე მილნერ-სქადერი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ ქართერი, 9. არონ სმითი; 1. ვაიეთ ქროქეთი, 2. დეინ ქოულზი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბროდი რეთალიქი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ (კაპ.), 8. ქიარან რიდი.

სათადარიგოები: 16. ქევენ მეალამუ, 17. ჯო მუდი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. ვიქთორ ვიტო, 20. სემ ქეინი; 21. ტავერა ქერ-ბარლოუ, 22. ბოდენ ბარეთი, 23. სონი-ბილ ვილიამსი.

საფრანგეთი: 15. სქოთ სპედინგი, 14. ნოა ნაკაიტაკი, 13. ალეკსანდრ დიუმულენი, 12. ვეზლი ფოფანა, 11. ბრის დიულენი, 10. ფრედერიკ მიშალაკი, 9. მორგან პარა; 1. ედი ბენ არუ, 2. გიან გირადო, 3. რაბა სლიმანი, 4. პასკალ პაპე, 5. იოან მაესტრი, 6. ტიერი დიუზოტუარი (კაპ.), 7. ბერნარ ლე რუ, 8. ლუი პიკამოლი.

სათადარიგოები: 16. დიმიტრი შარჟევსკი, 17. ვენსან დებატი, 18. ნიკოლა მასი, 19. დამიან შული, 20. იანიკ ნიანგა; 21. რორი ქოქოთი, 22. რემი ტალე, 23. მატიო ბასტარო.

0.147422